ავტორი: პატი მაჩიტაძე

ჩემს თავში ყოველ წამს ევროპის ჩემპიონატი იწყება

ჩემს თავში ყოველ წამს  ევროპის ჩემპიონატი იწყება
11-10-2020, 14:36
 
   

რაც ჩემში იყო, ყველანაირ ემოციას მოვუყარე თავი და ბელარუსთან მატჩზე გადმოვაფრქვიე.

აგერ, უკვე მესამე დღეა სახლში ვზივარ ხმაჩახლეჩილი და სურდოთი დატანჯული, ხანდახან წამომახველებს ხოლმე და ხალხი პანიკაშია, კორონა ხომ არ გაქვსო.
რა კორონა, რის კორონა.

თამაში რომ სრულფასოვნად მენახა ბორის პაიჭაძის ძეგლზე ვიყავი მიხუტებული, სხვანაირად არ ჩანდა. ლეგენდარული ფეხბურთელი იყო ბორისი, თუმცა თამაშის დღეს ცოტა ცივი იყო მისი ძეგლი და მგონი ამ სიცივემ ფილტვებზეც დამკრა.

ერთი თვე და სამი დღე რჩება ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე.

ვერც კი წარმომიდგენია, რა მოხდება გამარჯვების შემთხვევაში. მარცხზე კი საერთოდ არც ვფიქრობ, იმდენად მზარავს.

გინდა არ გინდა ადამიანი მაინც სულსწრაფია, და მე უკვე ჩვენს ქვე-ჯფუგში ვარ.

დღეს პირველი მატჩია.

ავსტრიას ვეთამაშებით.

კიდევ რამდენი კითხვის ნიშანი იყო ევრო 2020-ის 2021-ში ჩატარებაზე. 2020 წლის ქაოსი, მთელი ცხოვრება სტრესად გამყვება იქამდე, სანამ ვიცოცხლებ. მაინც ვერ დავტოვეთ წარსულში, წვრილ-წვრილი შემთხვევების გამო ისევ ფრთხილად გვიწევს ცხოვრება. ბოლომდე კიდევ ვერ დავასრულეთ მსოფლიო ომი და რემარკივით კვლავ ყველგან მის გადმონაშთებს ვხედავთ.

საბედნიეროდ ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთის ფეხბურთი ცხოვრების უმაღლეს ფასეულობებში გადის და მისი წყალობით ვიღებთ ბედნიერებას და ვივიწყებთ სტრესს.

ხო, დღეს პირველი მატჩია.

რამდენი ქართველი შემხვდა დღეს ამ უცხო მიწა-წყალზე. ღმერთო, ასეთი ერთიანი ჩემი ქვეყანა მგონი არასდროს ყოფილა. ერთი ინტერესის ირგვლივ ვტრიალებთ წრეზე. მოუთმენლად ველით სასტარტო სასტვენს და ღრიალი გვინდა, ყელის ჩახლეჩვამდე.

ევროპის ჩემპიონატში ისედაც ჩაფლულები ვართ ხოლმე, მაგრამ ახლა, როცა ჩვენი ნაკრებიც ამ უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლებში გაერია, ზარ-ზეიმი ასმაგად მასშტაბურია.

ფოტოებსა და ვიდეოებს ვნახულობ, წითელი და თეთრი მაისურები დრეს-კოდია ქვეყანაში. ლუდი ისმევა ტონობით, მაგრამ დათრობის მიზნით არა, მატჩის მოლოდინის გემო დაჰკრავს მას.

ქუჩაში გავდივართ, ჩვენებურებს ვხვდებით. ჩახუტება, ჰიმნი და ლუდი, ჩახუტება, ჰიმნი და ლუდი. ნეტა ყოველი რუტინა ასეთი სასიამოვნო იყოს.

ჰა, რაღა დარჩა. ორი საათი. დავიძრათ სტადიონისკენ ბიჭებო, სანამ მივალთ ორმოცი წუთი გავა, სანამ დავსხებით ეგეც ათი წუთი. ცოტას ვილაპარაკებთ და ამასობაში ბიჭებიც გამოვლენ გასახურებლად.

ვთქვი და ასე მოხდა ზუსტად, დროც რაღაც საოცარი სიზუსტით გავთვალე.

ბიჭებს ვამხნევებთ ბოლო ხმაზე, ერთად თუ ცალ-ცალკე.

"უნდა დაგლიჯოთ ბიჭებო" და ასეთი სტადიონზე გემრიელად მოსასმენი ფრაზები ისმის ჩვენი სექტორიდან.

შეიყვანა მსაჯმა.

უკვე მოვკარი თვალი მინდორზე გამოსასვლელ გვირაბში ჩვენს კაპიტანს და ისეთი მოძრაობა გააკეთა გულმა, რომ ალბათ ჯარიმას გამოუწერდა ჭკვიანი კამერა.

გამოდიან.

ერთი ადამიანის უწყინარი წამოყვირება წამებში ერთობლივ და ჟრუანტელის მომგვრელ ყიჟინად იქცა.

მათი ჰიმნი.
ტაში.

ჩვენი ჰიმნი? რა აღვწერო, ამ შემთხვევაში გრძნობები ინდივიდუალურია. ჰოდა ვისაც რა გრძონა ეუფლება ჰიმნის დროს, ზუსტად ის არის ახლაც.
მაგრამ, მოდი იმაზე შევთანხმდეთ, რომ უკანასკნელი ფრაზა, "თავისუფლებას დიდება" ერთნაირად გვიდუღებს ყველა ქართველს სისხლს.

სასტარტო სასტვენი და საოცარი რეალობის წინაშე ვდგავარ, დავმუჯნდი.

ჩემი ეროვნულლი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს.

აშკარად ყველა ასეა, ვერ ვიაზრებთ.

თუმცა ნელ-ნელა ვერევით თავს და საკუთარი წვლილის შეტანას ვიწყებთ ჩვენი ნაკრების გამარჯვებაში.

და აი ის, რაც უზომოდ გვიყვარს.

სა-ქარ-თვე-ლო, სა-ქარ-თვე-ლო, სა-ქარ-თვე-ლო, სა-ქარ-თვე-ლო.

და ასე გრძელდებოდა მინიმუმ სამი მატჩი...