ავტორი: ტატო ნიკურაძე

არდაშ დარბოევი: რუსეთის ნაკრების შეკრებაზე უკვე ვიმყოფებოდი და მალე შესაძლოა ნაკრებშიც ვითამაშო

არდაშ დარბოევი: რუსეთის ნაკრების შეკრებაზე უკვე ვიმყოფებოდი და მალე შესაძლოა ნაკრებშიც ვითამაშო
20-08-2020, 23:02
 
   

საქართველოში რაგბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სპორტის სახეობაა. გულშემატკივარი განებივრებულია ქართველი მორაგბეების გუნდური თუ ინდივიდუალური წარმატებებით, მაგრამ რაც წინ მივდივართ, ბუნებრივია მით მეტია მოთხოვნაც.

მრავალი გამოჩენილი და უკვე ღვაწლმოსილი ქართველი მორაგბის გვერდით არაერთი იმედისმომცემი და ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებმაც, მიუხედავად პატარა ასაკისა, უკვე მოახერხეს გულშემატკივრისთვის თავის შეყვარება.

ერთ-ერთი მათგანი არდაშ დარბოევია. წარმოშობით ქურთი მოთამაშე მოსკოვში დაიბადა, მაგრამ მისი პროფესიული სარაგბო კარიერა საქართველოში დაიწყო. სხვადასხვა დროს იგი-არმიის; ყოჩების; რუმინული ტომიტანის და არმაზის ღირსებას იცავდა. ამჯერად კი, რუსული ბულავას საკუთრებაა.

არდაშს, როგორც რუსეთში დაბადებულ ადამიანს, რუსეთის მორაგბეთა ნაკრებში თამაშის უფლებაც აქვს და ის უკვე იყო "დათვების" შეკრებაზეც.

Blogsport.ge არდაშს დაუკავშირდა და მას ძალიან საინტერესო თემებზე ესაუბრა.

არდაშ, უპირველეს ყოვლისა, მოგიკითხავ. ჯანმრთელობის მხრივ როგორ ხარ და როგორ მიდის ტრავმის შემდეგი სარეაბილიტაციო პერიოდი?

დიდი მადლობა მოკითხვისთვის. სამწუხაროდ, ერთ-ერთი თამაშის მსვლელობისას სერიოზული ტრავმა მივიღე და დიდი ხნით მიწევს უქმობა, რაც ყველა სპორტსმენისთვის ძალიან რთულია. სარეაბილიტაციო პერიოდი ნორმალურად მიდის. მომავალი სეზონიდან დავუბრუნდები მოედანს და იმედია ჩვეულ ფორმასაც აღვიდგენ. -ამბობს არდაშ დარბოევი.

ამჯერად, რუსეთში ხარ, მანამდე მი დიდი 10-ის კლუბ არმაზში გამოდიოდი. ამიტომ, შენი მხრიდან საინტერესო იქნება ქართული და რუსული საკლუბო რაგბის შედარება.

რა თქმა უნდა, ქართველებისთვის რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატი გაცილებით პროგრესირებს, ვითარდება და ბევრად უფრო მაღალი დონეა, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი.

ამას ბევრი მიზეზი აქვს. უმთავრესი, ალბათ მაინც, ფინანსებია. რუსეთში ძალიან მაღალი დონის ლეგიონერები ჩამოყავთ, რომელთა მეშვეობითაც ჩემპიონატი უფრო ვითარდება. ასევე, მედიის მხრიდან, გაშუქება-შეფუთვას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. -ამბობს არდაშ დარბოევი.


რუსეთის ნაკრებში შეკრებაზე იყავი და ფაქტია ნაკრებში გაკვირდებიან. რამდენად რეალურია შანსი უახლოეს მომავალში რუსი "დათვების" რიგებში გიხილოთ?

რუსეთის მოქალაქე არ ვარ, მაგრამ დავიბადე მოსკოვში, შესაბამისად Irb-ის (მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანო) წესებით ლეგიონერად არ ვითვლები და სრული უფლება მაქვს რუსეთის ნაკრებში ვითამაშო. ნაკრების შეკრებაზე უკვე ვიყავი და ვგრძნობ ჩემს მიმართ მწვრთნელების ინტერესს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. - ამბობს არდაშ დარბოევი.


Blogsport.ge, როგორც ქართული რაგბისა და ქართველი მორაგბეების მხარდამჭერი წარმატებებს უსურვებს არდაშს.