ავტორი: ტატო ნიკურაძე

ჯეფინიო: ჩვენი წარმატება გუნდურობის და ერთობის შედეგია

ჯეფინიო: ჩვენი წარმატება გუნდურობის და ერთობის  შედეგია
23-08-2020, 01:25
 
   

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი სანაკრებო მატჩების გამო 12 სექტემბრამდე შეჩერებულია. Crystalbet ეროვნულ ლიგასა და Crystalbet ეროვნულ ლიგა 2-ში გათამაშების ნახევარი უკვე მიილია და დაახლოებით გამოიკვეთა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიგა 2-ში პირველი სამეულის ბედი ბოლო ტურებში გაირკვევა. ერთბაშად 6 გუნდს აქვს რეალური შანსი ქართული ფეხბურთის ელიტაში აღზევებისთვის იბრძოლოს.

Crystalbet ეროვნულ ლიგა 2-ში გათამაშებას 17 ქულით ქობულეთის შუქურა ლიდერობს და გათამაშების ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. მიუხედევად იმისა, რომ ბოლო ტურში ქობულეთელები ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდნენ, უახლოეს მდევართან მაინც სოლიდური ჰანდიკაპი აქვთ.

მიმდინარე სეზონში შუქურას ლიდერი და გამორჩეული მოთამაშე 31 წლის შემტევი ნახევარმცველი ჯეფინიო გახლავთ. ბრაზილიელმა განვლილ 8 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

ჯეფინიო სხვადასხვა დროს: ბრაზილიური ტიგრეს; სახიას დუქეს; ABC-ს; ბარბარენსეს; არგენტინული რეალ ესტელის და მარტვილის მერანის ღირსებას იცავდა.

Blogsport.ge ჯეფინიოს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მეოთხე წელია, რაც ქობულეთის შუქურას ღირსებას იცავ. როგორ მოხვდი ამ გუბდში და რას იტყვი აქ გატარებულ პერიოდზე?

ქობულეთში 2016 წელს ჩამოვედი და 4 წელია რაც აქ ვარ. გუნდში ძალიან მეგობრული გარემო დამხვდა, ინგლისური ბევრმა იცის, ამიტომ ბიჭებთან ადაპტაციის და კომუნიკაციის პრობლემა არ მქონია. მათ ძალიან კარგად მიმიღეს. ქალაქიც ძალიან მომწონს და ამ დროის განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინე. შუქურამ ძალიან ბევრი რამ მომცა.

ქობულეთი როგორ მოგწონს?

ქობულეთი მშვენიერი, ზღვისპირა ქალაქია და თავისებური ხიბლი აქვს. საქართველოში ჩემს მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ და არ გვაქვს განცდა, რონ უცხოელები ვართ. ქალაქშიც ყველაფერია საიმისოდ, რომ ელემენტარული მოთხოვნები დაიკმაყოფილო.

ამ ხნის განმავლობაში ცოტა ქართული ხომ არ ისწავლე?

ქართული საკმაოდ რთული ენაა. დღესდღეისობით ცოტა-ცოტა სიტყვები ვიცი ქართულად, რაც ჩემს გუნდელებთან და მწვრთნელებთან კომუნიკაციას მიადვილებს.

ქართული სამზარეულო თუ მოგწონს?

ქართული სამზარეულო ძალიან ეგზოტიკურია. დატვირთული გრაფიკის შემდეგ, თავისუფალ დროს მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე ბარებს ქართული კერძების დასაგემოვნებლად. განსაკუთრებით-ხინკალი, ხაჭაპური და ლობიანი მომწონს.

მიმდინარე სეზონი შუქურამ საკმაოდ კარგად დაიწყო და ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. განვლილ მატჩებს როგორ შეაფასებ?

სეზონის სტარტზე საკმაოდ რთული კალენდარი გვქონდა. ზედიზედ ორი მატჩი გასვლაზე, მაგრამ საბედნიეროდ ორივეს მოგება მოვახერხეთ და ზედიზედ5-მატჩიანი მოგებათა სერია დავიჭირეთ. მართალია, ბოლო სამ მატჩში 2 ფრე და 1 მარცხი, არცთუ კარგი შედეგია, თუმცა მეტად მობილიზებულები უნდა ვიყოთ თითოეულ თამაშში. მთავარი ბრძოლები ჯერ წინაა და არაფერია გადაწყვეტილი.

8 მატჩი, 8 გოლი- ამ სეზონში გუნდის უდაო ლიდერი ხარ. თავად როგორ შეაფასებ შენს თამაშს?

მადლობა ღმერთს კარგ ფორმაში, არანაირი ტრავმა არ მაწუხებს და გუნდსაც ვეხმარები. მართალია გოლებს მე ვიტან, მაგრამ ჩვენ ერთიანი, შეკრული გუნდი ვართ და ჩვენი წარმატება გუნდურობის შედეგია და არა ერთი კონკრეტული მოთამაშის.

უახლოეს მომავალში კლუბის შეცვლას ხომ არ გეგმავ?

შუქურასთან კონტრაქტი 2020 წლის დეკემბრამდე მაკავშირებს. ამაზე ჯერ არ ვფიქრობ.