ავტორი: ტატო ნიკურაძე

დუსან ვასიჩი: საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ამაზე დიდი ხანი ვფიქრობდი

დუსან ვასიჩი: საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის დიდი  გამოწვევაა. ამაზე დიდი ხანი ვფიქრობდი
5-09-2020, 01:21
 
   

მორიგი ლეგიონერი ქართულ წყალბურთში. დამირ ცრეპულიას, მარკო ელაჩას, ფაბიო ბარალდის და ბორის ვაპენსკის შემდეგ, თბილისის დინამოს ღირსებას დუსან ვასიჩი დაიცავს. 27 წლის სერბ წყალბურთელს სხვადასხვა დროს ისეთ ტიტულოვან გუნდებში უთამაშია, როგორებიცაა-ვოივოდინა (2009-2015); ფლორენცია (2016-2017); პანათინაიკოსი (2017); იადრან სპლიტი (2017); ვულიალმენი (2018); ცრვენა ზვეზდა (2019) და შაბაცი (2020).

გარდა საკლუბო კარიერისა, წლების განმავლობაში ის სერბეთის ნაკრების წევრი იყო და საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო თასის გამარჯვებულიც გახდა.

ის თბილისის დინამოს უკვე შეუერთდა და მომავალ სეზონში თბილისურ გუნდს ჩემიონთა ლიგაზე დაეხმარება, რომელზეც ჩვენი გუნდი მეორედ იასპარეზებს. ასევე, ის მალე საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებასაც დაიცავს.

Blogsport.ge დუსან ვასიჩს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.


-დუსან, უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით თქვენს შესახებ. როდის დაიწყეთ წყალბურთის თამაში და რატომ გააკეთეთ არჩევანი ამ სპორტის სახეობაზე?


-პატარაობიდანვე ძალიან დიდი ფანი ვიყავი წყალბურთის და მომწონდა ეს სპორტი. გარდა წყალბურთისა, მომწონს-ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი (ვიცი, რომ საქართველოს რაგბიში წარმატებული ნაკრები ყავს), მაგრამ საბოლოოდ მაინც წყალბურთზე გავაკეთე არჩევანი.

ჩემი, როგორც წყალბურთელის, კარიერა 2004 წელს დაიწყო. მანამდე ორი წელი ცურვით ვიყავი დაკავებული. 2009 წლამდე ახალგაზრდულ გუნდებში გამოვდიოდი. პროფესიონალური კარიერა კი, 2009 წელს ვოივოდინაში დავიწყე. შემდეგ უკვე იყო: ფლორენცია, პანათინაიკოსი, იადრან სპლიტი, ვოლიამენი, რედ სტარი (ცრვენა ზვეზდა) და შაბაჩი.

- წლების განმავლობაში სერბეთის ნაკრების წევრი იყავი და მსოფლიო თასის გამარჯვებულიც გახდი. ამის შესახებ რას გვეტყვი?

- 2014 წელს სერბეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასის გამარჯვებული გავხდი. ამ ტურნირზე თამაში იყო ძალიან დიდი გამოცდილება ჩემთვის, მისი მოგება კი საოცარი გრძნობა. ეს ემოციები არასდროს დამავიწყდება, რადგან მსოფლიო თასი არის ტურნირი, რომელზეც მსოფლიოს უძლიერესი გუნდები თამაშობენ. ამ ტურნირის მოგება გაცილებით რთულია, ვიდრე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის.

- როგორ მოხვდით თბილისის დინამოში?

- ჩემი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი ლევან ჩიკვინიძე დამიკავშირდა და მან შემომთავაზა თბილისის დინამოში თამაში. შემდეგ, უკვე გუნდის პრეზიდენტმა გიორგი ხვედელიანმა გამოთქვა სურვილი, რომ მე ამ გუნდის შემადგენლობაში მეთამაშა და მეც სიამოვნებით დავთანხმდი ამ წინადადებას. საქართველოში ჩამოსვლა ჩემს ცხოვრებაში ახალი და დიდი გამოწვევაა.

- თბილისის დინამო, ზედიზედ, მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე. როგორ ფიქრობთ, წელს რა მიზნებითვის შეეძლება დინამოს ბრძოლა?

- რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოთამაშეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ამ ტურნირზე თამაშით უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ და ისინი უფრა სწრაფად ჩამოყალიბდებიან პროფესიონალებად. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს ეთამაშები ძალიან იზრდები. ამ გუნდების წინააღმდეგ თამაშისას ჩვენ გვჭირდება მყარი მენტალიტეტი, სათამაშო დისციპლინა და ზომიერი აგრესია(განსაკუთრებით საშინაო შეხვედრებში). ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


-როგორც ვიცით, მალე, საქართველოს მოქალაქეობასაც მიიღებთ და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც ითამაშებთ.

-დიახ. საქართველოს მოქალაქეობას მივიღებ და ერთი წლის შემდეგ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაც მექნება. ამ საკითზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვსაუბრობდით და მიხარია, რომ გამოვიდა.

-ბოლოს, ჩვენი ქვეყნის შესახებ რას იტყვი?

-საქართველოში პირველად ვარ და გამოგიტყდებით ამ ქვეყანაზე პოზიტიური და დადებითის მეტი არაფრის თქმა შემიძლია. ძალიან ლამაზი ქვეყანაა. ასე არაჩვეულებრივი კერძები, ღვინო და ძალიან მოსიყვარულე, თბილი ხალხი.