ავტორი: ტატო ნიკურაძე

ბადრი კვარაცხელია: ხვიჩას, ჯერ კიდევ, ბევრი აქვს დასამტკიცებელი

ბადრი კვარაცხელია: ხვიჩას, ჯერ კიდევ, ბევრი აქვს დასამტკიცებელი
6-09-2020, 13:28
 
   

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ახალი გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა, რომელიც C დივიზიონის მეორე ჯგუფში ასპარეზობს ტალინში ესტონეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა და ჯგუფს ჩრ.მაკედონიასთან ერთად ლიდერობს. გეტყვით, რომ მაკედონიელებმა, სკოპიეში, სომხეთი 2:1 დაამარცხეს.

ესტონეთის წინააღმდეგ შეხვედრისას საქართველოს ნაკრებში გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია. 19 წლის ქართველმა შემტევმა, რომელიც ეროვნული გუნდის მაისურით პირველ მატჩს ატარებდა, თავი ჩინებული თამაშით და საგოლე პასით დაგვამახსოვრა.

ესტონეთთან მატჩის შემდეგ, ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას მამას, ვეტერან ფეხბურთელს და მწვრთნელს ბადრი კვარაცხელიას დავუკავშირდით და მას კომენტარი ვთხოვეთ.


-მთლიანობაში თამაშით კმაყოფილი ვარ. ყველა მონატრებული ვიყავით საქართველოს ნაკრების თამაშს და სასიხარულოა ამდენხნიანი პაუზის შემდეგ, რომ გამარჯვებით დაბრუნდნენ. ხვიჩას თამაშის შეფასება ჩემი მხრიდან არ მგონია მართებული იყოს. ეს გულშემატკივრების და ვლადიმირ ვაისის კომპეტენციაა უფროა და მან გააკეთა კიდეც ამაზე კომენტარი.

როდესაც გუნდი იგებს ის თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ.

რაც შეეხება ხვიჩას სამომავლო გეგმებს, ნამდვილად, არის დაინტერესება ევროპული გუნდებიდან, მაგრამ მე მირჩევნია ჯერ ყაზანის რუბინში დარჩეს. აქ მას ენდობიან, დიდი სათამაშო დრო აქვს. ჯერ, ის ძალიან პატარაა და კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და დასამტკიცებელი. შემდეგ უკვე ყველაფერი თავისით მოვა. მთავარია, ხვიჩამ გააგრძელოს შრომა და არასდროს დაკმაყოფილდეს მიღწეულით.


ჩრ.მაკედონია ესტონეთზე გაცილებით ძლიერი გუნდია და მათ წინააღმდეგ გაცილებით რთული მატჩი იქნება. ეს თამაში იქნება გენერალური რეპეტიცია იმ ისტორიული მატჩისა, რომელსაც საქართველოს ნაკრები ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს.
-ამბობს ბადრი კვარაცხელია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს, 8 ოქტომბერს, „დინამო არენაზე" ჩრ.მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 დაიწყება და ის უმაყურებლოდ გაიმართება.