ავტორი: ტატო ნიკურაძე

ლევან მაისაშვილი: მადლობა ყველას, ვინც ქართული რაგბი დღემდე მოიყვანა- ეს თაობათა გამარჯვებების შედეგია

ლევან მაისაშვილი: მადლობა ყველას, ვინც ქართული რაგბი დღემდე მოიყვანა- ეს თაობათა გამარჯვებების შედეგია
10-09-2020, 19:38
 
   

ასრულდა ნება ქართველი ხალხისა! გილოცავთ! დადგა დღე, რომელსაც ქართული რაგბის და ზოგადად ქართული სპორტის თითოეული გულშემატკივარი სულმოუთქმენლად ველოდით. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში Guiness six nations-ის ორგანიზებულ ტურნირზე, „შემოდგომის ერთა თასი 2020" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.

- „სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ." - წერია რაგბის კავშირის განცხადებაში.

შემოდგომის ერთა თასი 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გაგრძელდება. რვა გუნდი ორ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში-ინგლისის, ირლანდიის და უელსის ნაკრებ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. მეორე ჯგუფში კი- საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია და ფიჯი ითამაშებენ.

პირველ მატჩს „ბორჯღალოსნები" 14 ნოემბერს ლონდონში „თვიქენჰემზე" გამართავენ.


იხილეთ, ტურნირზე საქართველოს ნაკრების კალენდარი

ინლისი-საქართველო 18:00 18.11.2020
უელსი-საქართველო 20:15 21.11.2020
ირლანდია-საქართველო 17:00 29.11.2020

აქვე გეტვყით, რომ შოტლანდიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 23 ოქტომბერს „მარიფილდზე" შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, Blogsport.ge საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს. ლევან მაისაშვილს, დაუკავშირდა და მას საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- უპირველეს ყოვლისა, მინდა მთელს საქართველოს მივულოცო ეს დღე. ეს არა მარტო ქართული რაგბის და სპორტის, არამედ მთლიანი ქვეყნის დიდი გამარჯვება და გამოწვევაა. ყოველხმრივ, ეს არის შანსი საქართველოსთვის და დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისა და გვერდში დგომისთვის. ეს არ არის, მხოლოდ ამ თაობის მორაგბეთა ნაკრების გამარჯვება. ეს არის იმ მორაგბეთა თაობების, თითოეული მოთამაშის, რაგბის კავშირის წინა და ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დამსახურება, ვინც ქართული რაგბის შენებაში „ერთი აგური" მაინც დადო.

ხმამაღალ განცხადებებს და ტყუილუბრალო დაპირებებს ვერ მოგცემთ. ძალიან ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში და მათ წინააღმდეგ წინასწარ რაიმეს დაგეგმვა რთულია. თუმცა, იმის პირობას გაძლევთ, რომ ყველა მორაგბე, რომლებსაც აღნიშნულ ტურნირზე თამაშის საშუალება მიეცემა თავის მაქსიმუმს გააკეთებს და შეეცდება ჩვენი ქვეყანა და ქართული რაგბი ღირსეულად წარმოაჩინოს. ჩვენს ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და ახალგაზრდა მორაგბეებისთვის ეს იქნება შანსი, მიიღონ უდიდესი სათამაშო გამოცდილება და დაუმტკიცონ ყველას, რომ მათ დიდი რაგბის თამაში შეუძლიათ.

ბევრ გულშემატკივარს აინტერესებს ზურაბ ჟვანიას საკითხი. „ზუზუ" ძალიან მაღალი დონის მორაგბეა და ყველამ მინდა გაიგოს, რომ ის საქართველოს ნაკრებიდან არავის მოუკვეთია. უბრალოდ, მაღალი კონკურენციის გამო, მოხდა მისი სხვა მოთამაშით ჩანაცვლება. მომავალში მასთან თანამშრომლობას რა თქმა უნდა ვგეგმავ.

ქართულ რაგბიში არსებული კრიზისი ნელ-ნელა აღმოფხვრის გზაზეა. უმთავრესი, რაც საქართველოს ჩემპიონატს აკლია ესაა პროფესიონალიზმი. ჩემი აზრით, 12 გუნდი კი არა, ჩვენი ჩემპიონატისთვის 10 გუნდიც ძალიან ზედმეტია. 6-8 გუნდიანი ჩემპიონატი ამ ეტაპზე იდეალური იქნება. ასევე, სასიცოცხლოდ აუცილებელია კერძო სპონსორებისა და ფინანსების მობილიზება, თორემ ახალგაზრდა მორაგბეები აქედან გაქცევაზე არიან.

მერაბ შარიქაძის შესახებაც გეტყვით. არ მესმის საიდან მოიტანეს ინფორმაცია, რომ თითქოს ბუკა ლელო სარასენსს შეუერთდა. მას უცხოეთიდან აქვს შემოთავაზებები და ვნახოთ რა იქნება.

ბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თავისი დიდებული კარიერისთვის და ყველაფრისთვის, რაც მან ქართული რაგბისთვის და ნაკრებისთვის გააკეთა, დიდი მადლობა გადავუხადო ღირსეულ მორაგბეს და ადამიანს დავით კაჭარავას. სამწუხაროა, ასეთი დიდი ადამიანების სპორტიდან წასვლას, მაგრამ, რას ვიზამთ, ყველაფერს აქვს დასასრული. - ამბობს ლევან მაისაშვილი.