ავტორი: ტატო ნიკურაძე

სარიჩი: დინამო სწორი ნაბიჯებით ვითარდება

სარიჩი: დინამო სწორი ნაბიჯებით ვითარდება
6-10-2020, 23:49
 
   

წყალბურთის გუნდი თბილისის დინამო საქართველოს ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. რევაზ ჩომახიძის გუნდი აღნიშნულ ტურნირზე, ზედიზედ, მეორედ იასპარეზებს. დინამო, ტურნირის წინ, ორი გამოცდილი ლეგიონერით გაძლიერდა. სერბი დუშან ვასიჩი და მონტენეგროელი იოვან სარიჩი. ორივე წყალბურთელს საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები და ისინი ქართულ კლუბს უდაოდ გააძლიერებენ.

29 წლის სარიჩი სხვადასხვა დროს: იადრან ჰერცოგ-ნოვში; ვაშაში ბუდაპეშტში; პაოკ ტესალონიკში; ნოისი ლე-სოკ პარიზში და ტელიმარ პალერმოში გამოდიოდა. ასევე, ის 10 წლის განმავლობაში გახლდათ მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წევრი.

Blogsport.ge იოვანს დაუკავშირდა და მას მცირე კომენტარი ჩამოართვა.

- covid 19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, უგუნდოდ დავრჩი და მარტიდან მოყოლებული თავისუფალი მოთამაშე ვიყავი. ამ დროს, თბილისის დინამოს ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ და კონტრაქტი შემომთავაზეს, რასაც დავთანხმდი. დინამი საკმაოდ ამბიციური გუნდია. რაც მთავარია, გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება.მოთამაშეები, მწვრთნელები, მენეჯმენტი ყველას სწორი მუშაობა განაპირობებს ამ გუნდის წარმატებას და ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.

საქართველოში პირველად ვარ და ამ ქვეყნის, თუ ქართული წყალბურთის შესახებ ბევრი არ მსმენია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ქართული წყალბურთი ძალიან მაღალ საფეხურზე ავიდა და სწორი ნაბიჯებით ვითარდება.

გუნდთან ადაპტაცია არ გამჭირვებია. რამდენიმე მოთამაშესთან ადრეც მქონია შეხება. მე და ანდრია ბითაძე კი, იადრანში თანაგუნდელები ვიყავით.

ჩემპიონთა ლიგა წელს ახალი ფორმატით ჩატარდება. ესაა ტურნირი, რომელზეც მსოფლიოს საუკეთესო გუნდები თამაშობენ. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ და რაიმეს დაგეგმვა რთულია, მაგრამ პირობას გაძლევთ ყველა მატჩში 100%-ით დავიხარჯებით. -ამბობს იოვან სარიჩი.