ავტორი: ტატო ნიკურაძე

იოანე იაშაღაშვილი: ყველა მეტოქეს თავს შევაკლავთ

იოანე იაშაღაშვილი:  ყველა მეტოქეს თავს შევაკლავთ
12-10-2020, 13:36
 
   

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "შემოდგომის ერთა თასი 2020" ე.წ. "8 ერის" ტურნირისთვის ემზადება. ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით "ბორჯღალოსნები" შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან და მალე შეკრების მეორე ეტაპზე საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც მათ ლეგიონერებიც შეუერთდებიან.

ისტორიულ ტურნირამდე ჩვენი გუნდი 23 ოქტომბერს "მარიფილდზე" შოტლანდიას გაეჯიბრება. 1 ნოემბერს კი, 2020 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დასკვნით შეხვედრაში რუსეთს დავუპირისპირდებით.

ამ შეხვედრებისთვის ლევან მაისაშვილმა საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 7 დებიუტანტს უხმო. მათ შორის, ერთ-ერთი ფრანგული ბაიაონას ქართველი მესამე ხაზელი იოანე იაშაღაშვილია. მან, 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი და ტურნირის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

Blogsport.ge იოანე იაშაღაშვილს დაუკავშირდა და მას მცირე კომენტარი ჩამოართვა.

-პანდემიით გამოწვეული პაუზის დროს საქართველოში ვიყავი და ინდივიდუალურად ვემზადებოდი. ამჯერად, საფრანგეთში ვარ კლუბთან ერთად. მოგეხსენებათ, ბაიონა ფრანგულ top 14-ში გამოდის და ასეთი დონის ჩემპიონატში თამაში ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა.

რაც რაგბის ვთამაშობ, ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ნაკრებში ვარ გამოძახებული. თუ შანსი მომეცემა თავს არ დავზოგავ ყველა შეხვედრაში ჩემი მაქსიმუმი გავიღო.

რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური წნეხიც დიდია ასეთი მატჩების წინ, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს. მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს ვეთამაშებით და წინასწარ რაიმეს დაგეგმვა რთულია, მაგრამ თითოეულ მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით, თავს შევაკლავთ და შევეცდებით ყველას დავანახოთ ჩვენი ძალა. -ამბობს იოანე იაშაღაშვილი.


შეგახსენებთ, "შემოდგომის ერთა თასზე" საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც მისი მეტოქეები-უელსი, ინგლისი და ირლანდია იქნებიან.

"ბორჯღალოსნების" კალენდარი აღნიშნულ ტურნირზე.

ინგლისი-საქართველო 14 ნოემბერი
უელსი-საქართველო 21 ნოემბერი
ირლანდია-საქართველო 29 ნოემბერი