ავტორი: ტატო ნიკურაძე

ჯეფინიო: ადამიანობას და პატივისცემას უფრო წინ ვაყენებ, ვიდრე გოლს

ჯეფინიო: ადამიანობას და პატივისცემას უფრო წინ ვაყენებ, ვიდრე გოლს
16-10-2020, 21:05
 
   

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში სხვადასხვა დროს არაერთ ლეგიონერს უთამაშია. მათგან, ზოგიერთმა თავი კარგად დაგვამახსოვრა, ზოგიც საერთოდ რომ არ ჩამოსულიყო არაფერი დაშავდებოდა.
მოგეხსენებათ, საქართველოსა და მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, წელს ჩემპიონატის ყველა ლიგა შეცვლილი ფორმატით მიმდინარეობს. Crystalbet ეროვნულ ლიგა 2-ს, რომლის დასრულებამდეც 6 ტურია დარჩენილი, ერთპიროვნულად, ქობულეთის შუქურა ლიდერობს. გიორგი შაშიაშვილის გუნდს სატურნირო ცხრილში 24 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს. მიმდინარე სეზონში, შავი ზღვისპირელთა გუნდის ლიდერი ჯეფერსონ ჯერალდოა. 31 წლის ბრაზილიელი შემტევი, რომელიც ქობულეთელთა შემადგენლობაში მესამე სეზონს ატარებს, 8 გოლით გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია და ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელედაც დასახელდა.

Blogsport.ge ჯეფერსონ ჯერალდოს დაუკავშირდა და მას მცირე კომეტარი ჩამოართვა.

-მიმდინარე სეზონში შუქურას ერთადერთი მიზანი აქვს და ეს ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში გადასვლაა. ჯერჯერობით, პირველ ადგილზე ვართ და დიდი იმედი მაქვს ჩემპიონატს ასე დავასრულებთ. რაც მთავარია, ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდი ვართ, რაც ჩვენს წარმატებას განაპირობებს. ამაში დიდი წვლილი გიორგი შაშიაშვილს მიუძღვის. იდეალური არაფერია და შუქურასაც აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ მჯერა ერთად ყველაფერს შევძლებთ.

წინა შეხვედრა წყალტუბოს სამგურალთან ძალიან რთული გამოვიდა. მეტოქე ძალიან ძლიერი იყო და თამაშითაც გვაჯობა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ჩვენი ფეხბურთის თამაში, მაგრამ მთავარი შედეგია და კარგია რომ მოვიგეთ. ამ თამაშში, ჩემს ქცევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. გატანის კარგი შანსი მქონდა, მაგრამ დავინახე მოედანზე წაქცეული მოთამაშე, რომელიც ძლიერ ტკივილს განიცდიდა და ბურთი მოედნიდან გადავაგდე. მე მორწმუნე ადამიანი ვარ და პატივისცემას და ადამიანობას უფრო წინ ვაყენებ, ვიდრე გოლს.



რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს. ეროვნული ლიგა არ არის მაღალ დონეზე, მაგრამ ჩემპიონატში ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეა, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ და მჯერა ცოტა ხანში საქართველოს გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატი ექნება.
-ამბობს ჯეფერსონ ჯერალდო.