ავტორი: ტატო ნიკურაძე

გიორგი ჩოჩიშვილი: ყველას მოედანზე გავცემ პასუხს

გიორგი ჩოჩიშვილი: ყველას მოედანზე გავცემ პასუხს
24-11-2020, 20:39
 
   

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, crystalbet ეროვნული ლიგის, რომელიც წელს პანდემიიდან გამომდინარე გამოწვეული პრობლემების გამო, შეცვლილი ფორმატით(ორ წრედ) იმართება, დასრულებამდე ორი ტური დარჩა. სატურნირო ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა და ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს საპრიზო მესამე ადგილისთვის, რომლისთვისაც- გორის დილა, საბურთალო და ლოკომოტივი იბრძვიან.

წინა ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართა. 14 წლიანი ლოდინის შემდეგ, ბათუმის დინამომ საკუთარ სტადიონზე გორის დილა მიიღო და 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში, გორელთა შემადგენლობაში გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი გახლდათ, რომელმაც პენალტის და რამდენიმე ურთულესი ბურთის მოგერიება შეძლო.

22 წლის მეკარე საბურთალოს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. სხვადასხვა დროს გიორგი- საბურთალოს, შევარდენის, პრაღის სლავიას, ზლატე მორავცეს და ბოლნისის სიონის რიგებში გამოდიოდა. გასულ სეზონში შევარდენის შემადგენლობაში 10 მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა და ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მეკარეც გახდა.

Blogsport.ge გიორგი ჩოჩიშვილს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

-გიორგი, უპირველეს ყოვლისა, განვლილ მატჩზე(დინამო ბათუმი-დილა გორი) გკითხავთ. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ეს თქვენი პირველი მატჩი იყო და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეთ. თავად როგორ შეაფასებდით თქვენს თამაშს?

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გარკვეული მიზეზების გამო, დიდი სათამაშო დრო არ მეძლევა. მიმდინარე სეზონში ეს ჩემი პირველი თამაში იყო. ბევრს ვშრომობდი და ველოდი ამ შანსს. ჩემს თამაშს დადებითად შევაფასებ. პენალტის გარდა, რამდენიმე რთული ბურთის მოგერიებაც მოვახერხე, მაგრამ, სამწუხაროა, რომ მაინც დავმარცხდით.

- გიორგი, ბათუმის დინამოსთან შეხვედრაში მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც გიორგი ნემსაძემაც ისაუბრა. თქვენ, რას იტყვით ამის შესახებ?

-მსაჯიც ადამიანია და ისიც უშვებს შეცდომას. ყოველთვის თავს ვიკავებ, ხოლმე მსაჯობაზე საუბრისას. უპირველეს ყოვლისა, შეცდომები ყველამ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ და არა სხვაზე გადაბრალება დავიწყოთ.

-გასულ სეზონში შევარდენის შემადგენლობაში თამაშობდით და საკმაოდ კარგი სეზონიც გქონდათ. 10 მატჩიანი მშრალი სერია და ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მეკარეც გახდით. „იუნკერებიდან" წამოსვლის შემდეგ, სხვა კლუბებიდან თუ გქონდათ შემოთავაზებები და რატომ გორის დილა?

- ნამდვილად, კარგი პერიოდი მქონდა შარშან შევარდენში. ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მეკარედ დამასახელეს და ძალიან ბედნიერი ვიყავი. შესაბამისად, მოტივირებული ვიყავი უფრო ძლიერ გუნდში გადავსულიყავი. სხვა კლუბებიდანაც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ ყველაზე რეალური გორის დილა იყო, თან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ამ კლუბის ხელმძღანელობასთან.

ამ სეზონში, გარკვეული მიზეზების გამო, დიდი სათამაშო დრო არ მეძლევა, მაგრამ ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაცაა მეტი ვიშრომო და დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები. მომეცა შანსი და კარგი შთაბეჭდილებაც დავტოვე.

-მიმდინარე სეზონში, გორის დილას თამაშზე რას იტყვი?

-გორის დილას გამოსვლას დადებითად შევაფასებ. სეზონი კარგად დავიწყეთ. დიდი ხანი ლიდერებიც ვიყავით, მაგრამ შუაში პატარა ჩავარდა გვქონდა. ისე, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ევროსარბიელის ზონაში მოხვედრას.