ავტორი: აჩი ფევაძე

ანტონიო ვალენსიამ კარიერა დაასრულა

ანტონიო ვალენსიამ კარიერა დაასრულა
12-05-2021, 21:33
 
   

ახლახანს ხდება ცნობილი, რომ ეკუადორელმა ვეტერანმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და ფეხბურთს დაემშვიდობა.

ბოლოს ვალენსია მექსიკურ კერეტაროში იყო, სადაც 2020 წლის 27 ნოემბერს ეკუადორული კიტოდან გადავიდა.

35 წლის ანტონიო ვალენსიამ კარიერის განმავლობაში შეძლო და მოიგო: 2-ჯერ პრემიერ ლიგა, 1-ხელ ევროპის ლიგა, 1-ხელ ინგლისის ასოციაციის თასი, 2-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, 3-ჯერ შილდის თასი და 1-ხელ ეკუადორიის სერია ა.

ვალენსიას კარიერაში რა თქმა უნდა უდიდესი ადგილი მანჩესტერ იუნაიტედს უჭირავს, სადაც მან 10 წელი გაატარა. ანტონიო “ეშმაკებმა” 2009 წლის ზაფხულში უიგანიდან 16 მილიონის სანაცვლოდ შეიძინეს. ის წლების განმავლობაში თამაშობდა როგორც მარჯვენა განაპირა მცველის ისე, მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე. 2010 წლის აგვისტოში მან პირველი გოლი გაიტანა მანჩესტერის შემადგენლობაში, როდესაც შილდის თასზე ჩელსი დაამწუხრა. 2011/12 წლების სეზონში ვალენსიამ სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზი მიიღო, რაც იუნაიტედის წლის საუკეთესო ფეხბურთელობას გულისხმობს. ამავე წელს მისი გოლი აპრილში ბლექბერნის კარში მანჩესტერ იუნაიტედის წლის საუკეთესო გოლად დასახელდა.

ვალენსიამ იუნაიტედი 10 დაუვიწყარი წლის შემდეგ 2019 წელს დატოვა, მან პრემიერ ლიგაში 241 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ყველა ტურნირზე ანტონიოს ჩატარებული მატჩების რაოდენობა კი 325 მატჩს შეადგენს, რაც სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს შორის პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რეკორდული მაჩვენებელია.

მისი სანაკრებო კარიერა ეკუადორში 2004 წლიდან იღებს სათავეს, ვალენსიამ ეროვნულ გუნდთან ერთად სამ კოპა ამერიკაზე და ორ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. მან ეკუადორის შემადგენლობაში კარიერის განმავლობაში 99 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.