ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

საბრძოლო ფრე გორში

საბრძოლო ფრე გორში
14-06-2021, 22:15
 
   

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა,ადგილობრივმა დილამ, რომელიც ბოლო 4 შემთხვევიდან 3-ჯერ დამარცხდა, გათამაშების უპირობო აუტსაიდერ თელავს მასპინძლობდა.

კახელები თამაშის წინ ლოგიკურად კარგ განწყობაზე უნდა ყოფილიყვნენ, რადგან გუშინ დაწყებულ ტურში მისმა ორივე უშუალო კონკურენტმა წაიფორხილა, გია ცეცაძე და მისი სამტრედია შინ თბილისის დინამოსთან დამარცხდა,ქობულეთის შუქურამ კი ასევე დედაქალაქურ საბურთალოსთან უგოლო ფრე გააგორა.

კონკურენტების ფეხის დაცდენით შეგულიანებული თელაველები მე-16 წუთზე შოთა შეყილაძემ დააწინაურა მეორე საუკეთესო ბომბარდირის-ლაშა შერგელაშვილის საგოლე გადაცემით, დილა კი არ დაბნეულა და ანგარიში პირველსავე ნახევარში გააყაიმა-ტაიმის მიწურულს პაატა ღუდუშაურმა თორნიკე კაპანაძეს გაატანინა.
მეორე ტაიმში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს არაერთხელ ჰქონდა, მაგრამ პირველში დაფიქსირებული შედეგი საბოლოო აღმოჩნდა, რომელიც დიდად არც ერთ მათგანს არ აწყობდა, კახურმა გუნდმა უკანასკნელ პოზიციას ვერ დააღწია თავი, დილა კი ისევ მე-5 ადგილზე რჩება და ცალი თვალით აშკარად ახლად ჩამოყალიბებული კონფერენს ლიგისკენ იყურება.

არბიტრ ირაკლი ხერხაძის მიერ კომპენსირებულ დროში ფეხბურთელებს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა და მსაჯმა მოედანი შეცვლაზე ახლად შემოსულ ირაკლი ბუღრიძეს დაატოვებინა.

გორელები მომდევნო მატჩს ერთ-ერთ ლიდერ ბათუმის დინამოსთან გამართავენ,აუტსაიდერი თელავი კი მისივე კბილა შუქურას უმასპინძლებს.