ავტორი: ლევან ქობალია

ვილი სანიოლი: ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა

ვილი სანიოლი: ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა
6-09-2021, 13:55
 
   

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩი ბადახოსში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 4:0 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ვილი სანიოლი: "სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მითუმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, ერთადერთი რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებენ და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ.

ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი ვისაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ რა შეუძლიათ. ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება, ყველა ფეხბურთელი ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს."


დღეს, 6 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სოფიაში გაემგზავრა, სადაც ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის წინააღმდეგ, 8 სექტემბერს გამართავს.