ავტორი: ლევან ქობალია

საკალათბურთო ნაკრებმა უსახური მატჩი ჩატარა

საკალათბურთო ნაკრებმა უსახური მატჩი ჩატარა
30-11-2021, 01:41
 
   

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უსახური მატჩი ჩატარა ესპანეთის ქალაქ ხაენში და იქაურ ეროვნულ გუნდთან განადგურდა.

ილიას ზუროსის გუნდს ლიდერი თორნიკე შენგელია დააკლდა, რამაც საერთოდ შეცვალა გუნდი. ესპანეთის ნაკრების ხისტ, აგრესიულ დაცვას ვერაფერი უპასუხეს ჩვენებმა. საპასუხოდ, პირინეელებიც ბევრს სცოდავდნენ, მაგრამ ჩვენების შეცდომების ფონზე საერთოდ არ ჩანდა.

ესპანეთის ნაკრების ყველა, 12-მა კალათბურთელმა აიღო ქულები, ჩვენგან მხოლოდ – ექსმა. აქედან სამმა კალათბურთელმა მხოლოდ 2-2 ქულა. ესპანელებმა 40-ჯერ მოხსნეს ბურთი ფარზე, ჩვენებმა ეს მხოლოდ 29-ჯერ მოახერხეს. სკარიოლის შეგირდებს 24 პასი ჰქონდათ, ზუროსისას – 13. მასპინძლებმა ორქულიანები 70%-ით (!) ისროლეს, სტუმრებმა – 38%-ით. გვაჯობეს სამქულიანებშიც, მეტი გვქონდა დაკარგვა და ეს ყველაფერი ტაბლოზე ზუსტად არის.

მომდევნო მატჩები საქართველოს ნაკრებს თებერვალში ელოდება და ორივე ჩრდილოეთ მაკედონიასთან – შინ და გარეთ.