ბუდუ ზივზივაძე ნაკრების მატჩებს საოცარ ფორმაში ხვდება

ბუდუ ზივზივაძე ნაკრების მატჩებს საოცარ ფორმაში ხვდება
8-03-2020, 16:21
 
   

ბუდუ ზივზივაძემ 2019 წელი ქუთაისის ტორპედოში დაიწყო, თანაც ძალიან წარმატებულად, ზაფხულამდე მან ტორპედოში 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა ტორპედოს მაისურით და ეროვნული ლიგის ბომბარდირიც კი გახლდათ, თუმცა გასაგები მიზეზების გამო 2019 წლის ზაფხულში მას იმერული კლუბის დატოვება მოუწია. კარიერა კი უნგრეთის ჩემპიონატის დებიუტანტ გუნდ "მეზოკოვეშდში" განაგრძო, ბევრი მის ტრანსფერც მორიგ წარუმატებელ ტრანსფერად მიიჩნევდა, რადგან ამ გუნდის სახელი აქამდე არ გაეგოთ და ეისბერგივით სულ სკამზე ყოფნას უწინასწარმეტყველებდნენ.

გავიდა დრო ბუდუმ დაამტკიცა, რომ ამ გუნდში გადასვლით კარგი გადაწყვეტილება მიიღო. თავად განსაჯეთ, ტორპედოს დატოვების შემდეგ ბუდუმ "მეზოკოვეშდის" მაისური თითქმის ყველა შეხვედრაში მოირგო, თავისი გუნდი 44 ქულით უნგრეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილს იკავებს, ასევე უნგრეთის თასის მეოთხედფინალშია და ცალი ფეხი ნახევარფინალში აქვს.

უნგრეთის ჩემპიონატში მან ამ სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, ახალგაზრდა ქართველი ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზე იმყოფება და 2 გოლით ჩამორჩება პირველადგილოსანს.

ჩემპიონატის გარდა ქართველმა ფორვარდმა უნგრეთის თასზე 3 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და თავისი გუნდის წარმატებულ გამოსვლაში დიდი წვლილი შეიტანა. შეგახსენებთ რომ ბუდუს გუნდი უნგრეთის თასის მეოთხედფინალშია და დიდი ალბათობით ნახევარფინალის საგზურსაც მოიპოვებს, რადგან პირველ მატჩში სწორედ ბუდუს გოლით სტუმრად მეზოკოვეშდმა კაპოშვარი დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ კომფორტული სიტუაცია შეიქმნა.

18 დღეში ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია და დიდი ალბათობით ვლადიმერ ვაისი ასეთ ფორმაში მყოფ ფორვარდს ნაკრების მიღმა არ დატოვებს.

    Italian Trulli
Image