ავტორი: ლევან ვარდოსანიძე

მიხეილ აშვეთია: ჩემი ინფორმაციით, ფაბიო მანინის კლუბს ამ კვირაში გადასცემენ

მიხეილ აშვეთია: ჩემი ინფორმაციით, ფაბიო მანინის კლუბს ამ კვირაში გადასცემენ
20-07-2020, 23:20
 
   

ქუთაისის ტორპედოს ირგვლივ, როგორც ჩანს, კვლავაც გაუგებრობაა. რამდენიმე დღის წინ კლუბის ოფიციალურმა ფან-კლუბმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ტორპედო ფაბიო მანინის ოფიციალურ მფლობელობაში ჯერ კიდევ არ არის.

აღნიშნული ინფორმაცია კი დღეს, ქუთაისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა და ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებაც გააკეთა.

"ფაბიო მანინის მოსვლის შემდეგ ახალ ფეხბურთელებთან არანაირი დავალიანება არ არსებობს, მართალია პანდემიის დროს ხელფასები განახევრდა, თუმცა ამაზე ყველა კლუბმა მოილაპარაკა და პროტესტი არ ყოფილა."

"რაც შეეხება მისთვის კლუბის ოფიციალურ გადაცემას, უკვე იყო საუბრები იმის შესახებ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა დაჩქარდეს, ჩემი ინფორმაციით ტორპედოს გადაცემის საკითხი ამ კვირაში დასრულდება. მანინის როგორც ჩემთან, ისე კლუბის დანარჩენ წევრებთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი აქვს, იგი ამბობს რომ არსად წასვლას არ აპირებს და განაგრძობს ტორპედოს დაფინანსებას."

"გარკვეული გაუგებრობის შედეგად კლუბის გადაცემა თებერვალში (მანინის მოსვლისთანავე) ვერ მოხერხდა, შემდეგ კი მთავარი დაბრკოლება ალბათ პანდემია იყო, შეზღუდული ფრენების პირობებში მანინი საქართველოში ვერ ჩამოდიოდა, ახლა კი საუბრები კლუბის დისტანციურად გადაცემის ვერსიაზე მიმდინარეობს."

"სხვათაშორის ფაბიოს იმედი ჰქონდა, რომ ბათუმში საკუთარი გუნდის თამაშს დაესწრებოდა თუმცა ავიარეისებზე არსებული პრობლემების გამო ეს ამჯერადაც ვერ მოხერხდა."
- აღნიშნა აშვეთიამ.

აქვე გეტყვით, რომ ფაბიო მანინი ქუთაისის ტორპედოში მაშინ მივიდა, როდესაც კლუბი გაკოტრებისა და დაქვეითების რეაალური საფრთხის წინაშე იდგა.