ავტორი: ტატო ნიკურაძე

დაბალი დონის უშინაარსო ფეხბურთი და შერცხვენილი ქართული ფეხბურთის ფლაგმანი

დაბალი დონის უშინაარსო ფეხბურთი და შერცხვენილი  ქართული ფეხბურთის ფლაგმანი
19-08-2020, 22:59
 
   

ქართული ფეხბურთის მორიგი სამარცხვინო შედეგი. იმედი, ისევ იმედად დარჩა. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირიველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თბილისის დინამო ბორის პაიჭაძუს სახელობის „დინამო არენაზე" ალბანეთის ჩემპიონ ტირანას დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

თავიდანვე გამოჩნდა, რომ დინამო პირველ ნომრად ითამაშებდა, ალბანელები კი, ძირითადად კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშის აწყობას. კახაბერ ჩხეტიანის ფეხბურთელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ, მაგრამ მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა. დინამოს შეტევებს ფანტაზია აკლდა. არადა, საწყის წუთებში ტირანას მეკარე ლიკა ისე არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, დინამოელებს ცოტათი მეტი აგრესია და გოლის ალღო რომ გამოეჩინათ შეიძლებოდა გატანაც.

დინამო უკეთესი იყო, მაგრამ ტაიმის მიწურულს ტრადიციული „ქართული სენი" დაგვემართა. ძალიან უხეში, ბავშვური შეცდომა დაცვაში. ჯერ ბენიომ ვერ აიტანა ბურთი, შემდეგ ლუკა ლოჩოშვილმა ცუდად დაუგდო ბურთი როინ კვასხვაძეს, რითაც აუგისტინ ტორასამ ისარგებლა და თბილისელთა კარში ძალიან კურიოზული გოლი გავიდა.

მეორე ნახევარში დინამო ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ მარტო ბურთის გორაობა რას უშველის? გაუაზრებელი ფეხბურთი, უფანტაზიო და უშინაარსო ფეხბურთი, კახაბერ ჩხეტიანის არასწორად შედგენილი ტაქტიკა, უცნაური შემადგენლობა. რატომ არ ყავდა სსტარტო შემადგენლობაში გიორგი კუცია? სწორედ, მისი შემოსვლის შემდეგ შექმნა დინამომ სახიფათო მომენტები. კახა ჩხეტიანმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე თავადვე თქვა აკაკი შულაია ცუდ ფორმაში არისო, მაშინ რატომ დააყენა სასტარტოში ცუდ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი?

მატჩის 85-ე წუთზე კი, ალბანელთა ერთ-ერთი უიშვიათესი შეტევა. შორეული დარტყმა, რომლის შემდეგაც როინ კვასხვაძემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა ემესტ მუციმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბოლოოდ, 0:2 ტირანას სასარგებლოდ და საქართველოს ჩემპიონი, ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი და ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ევროსარბიელს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა, თან გამოეთიშა ძალიან დაბალი დონის ფეხბურთით. 90 წუთის განმავლობაში დინამოს ერთი რეალური საგოლე მომენტი კი არა, ნახევარ მომენტიც კი არ ჰქონია, რაც ამ დონის გუნდთან უბრალოდ სამარცხვინოა.