ავტორი: ტატო ნიკურაძე

მორიგი „სვარკა" ეროვნულ ლიგაში

მორიგი „სვარკა" ეროვნულ ლიგაში
13-09-2020, 18:00
 
   

მორიგი „სვარკა" ეროვნულ ლიგაში. ჟურნალისტობის პროფესიას რა უთხარი, თორემ ამ თამაშზე არაფერი იყო დასაწერი. მხოლოდ, ერთი სიტყვითაც შემოვიფარგლებოდით-„სუფთა სვარკა. არა ტემპი, არა მომენტები, არა დრიბლინგები, აჩქარება და მეტი რა არის ფეხბურთი?! მარტო ბურთის გორაობა, რომ იყოს ფეხბურთი და მოედანზე სიარული, ეგრე ჩემი მეზობელი „ლოთი კახელოც" ითამაშებს.

ბევრი იტყვის, ადრე დაძაბული მატჩებიც არ იყო საქართველოს ჩემპიონატშიო. დაძაბული მატჩი არ ნიშნავს საინტერესო და კარგ თამაშს. ასეთი ფეხბურთით გულშემატკივარს სტადიონზე დააბრუნებ კი არა, ის ერთეული გულშემატკივრებიც კი, რომლებიც თამაშებზე დადიან, ისინიც გაიქცევიან.

მთელ შეხვედრაში, მხოლოდ ერთი რეალური საგოლე მომენტი შეექმნა. ბექა ქავთარაძის დარტყმის შემდეგ, თბილისის მერანი რევაზ თევდორაძემ იხსნა.
შეხვედრის მე-80 წუთზე კი, ოლივიე ბუმალს გატანის იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული 11-მეტრიანი რევაზ თევდორაძემ მოიგერია.

მეტი ამ თამაშში საინტერესო არაფერი შექმნილა. ის კი არა, მსაჯისთვისაც კი არავის შეუგინებია.

საბოლოოდ, ყოვლად უსახური, უგოლო ფრე და გუნდებმა ქულები გაიყვეს.


ფოტოს ავტორი: საბურთალოს პრესსამსახური