ავტორი: ლევან ქობალია

სარკეში | "აი გამოჩნდებიან და აუცილებლად უნდა გაფრინდნენ..." ასეც არაა ჩემო ბატონო

სარკეში | "აი გამოჩნდებიან და აუცილებლად უნდა გაფრინდნენ..." ასეც არაა ჩემო ბატონო
29-09-2020, 02:09
 
   

თბილისის დინამოს განცდილი სირცხვილი დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება არც კი ამოვიდეს ჩვენი გონებიდან. რაც მოხდა ეს რეალობაა, ეს ფაქტია, რაც დინამომ მოიმკო ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში თესავდა. 10 წლის განმავლობში დინამომ 54 "ტურისტი" ლეგიონერი ჩამოიყვანა, როგორც ვახსენე აქედან უმეტესი წილი ტურისტებზე მოდის... ჩამოვიდნენ, ფული აიღეს და წავიდნენ.. 10 წლის განმვალობაში გამოცვლილი 16 მწვრთნელი, ანუ წელიწადში 1,6 მწვრთნელი... რომელ გუნდის შენებაზე და სტაბილურობაზეა საუბარი?! რა ვიცი.. რა ვიცი..

თბილისის დინამოს პრეზიდენტი, რომან ფიფია ამბობს, რომ აქ, საქართველოში არავის უნდა ფეხბურთის სათამაშოდ გაჩერება...

"ყველას უნდა წასვლა სხვა გუნდში, რა თქმა უნდა უცხოეთში. კარგია, ძალიან კარგია, რომ ჩვენ ნაკრებს ვეხმარებით და ამ ფეხბურთელებს ვუზრდით, მაგრამ ჩვენ ამ ფეხბურთელებს ჩვენთან ვერ ვაჩერებთ. ვერ ვაკავებთ. აი გამოჩნდებიან და აუცილებლად უნდა გაფრინდნენ." - მინდა ფიფიას ინტერვიუს ამ მონაკვეთს ასეთი ფაქტით "დავუპირისპირდე" და ჩამოვთვალო ის ფეხბურთელები, რომლებიც დინამოდან წასვლის შემდეგ საქართველოში დარჩნენ და სხვა, უფრო დაბალი ლიგის, დაბალი დონის კლუბიდან წავიდნენ უცხოეთში და ყველა, აბსოლუტურად ყველა დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები და და თავიანთ გუნდებში ლიდერებიც კი არიან.






მოდი დავიწყოთ:

დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი) - ხოჭოლავა დინამო თბილისი ღირსებას 2012 წლიდან 2014 წლის იანვრამდე იცავდა. შემდეგ თბილისურმა კლუბმა იგი ფოთის კოლხეთის შემადგენლობაში გაუშვა. თავის მხრივ ფოთის კოლხეთმა ხოჭოლავა ზუსტად 6 თვეში შუქურაში გაუშვა. ერთი წლის ქობულეთში გატარების შემდეგ, ქართველი მცველი უკრაინის პრემიერ ლიგის კლუბ ჩერნომორეცში წავიდა, საიდანაც წარმატებული სეზონის შემდეგ დონეცკის შახტარის რიგებს შეუერთდა, სადაც ის დაცვის ერთ ერთი ლიდერია და საქართველოს ნაკრებშიც არა ერთ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. დავით ხოჭოლავამ დონეცკის შახტარის შემადგენლობაში 71 მატჩი ჩაატარა, აქედან 7 უეფას ჩემპიონთა ლიგაზე.

ხვიჩა კვარაცხელია (ყაზანის რუბინი) - რა უნდა ვთქვათ ამ ფეხბურთელზე.. ის საოცრად ნიჭიერია და მას ძალიან დიდი მომავალი აქვს. ფეხბურთელი რომლესაც ყვითელი ბარათის ან პენალტის "აკიდების" გარეშე ვერ აჩერებენ თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია.

კვარაცხელია დინამოს მთავარ გუნდში 2017 წლის სექტემბერში დაწინაურდა. 6 თვეში, 2018 წლის მარტში რუსთავის რუსთავში გადავიდა და იგი უკვე რუსულ კარიერას იწყებს. Transfermarkt-ის ინფორმაციით, 2019 წელს მოსკოვის ლოკომოტივმა რუსთავს ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 350,000 ევრო გადაუხადა. თითქმის ნახევარი მილიონი ლარი... დღეს, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირებას იცავს. იგი ყალიბდება როგორც რუბინის, ისე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ლიდერად.

ზურიკო დავითაშვილი (ვოლგოგრადის როტორი) - კიდევ ერთი ქართველი ტალანტი. დავითაშვილი, რომელიც კვარაცხელიას მსგავსად დინამოს აღზრდილია. აქ ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც კვარაცხელიას შემთხვევაში. კლუბმა დავითაშვილი 2017 წლის ზაფხულში დააწინაურა და 2018 წლის იანვარში გუნდიდან გაუშვა. გაუშვა საქართველოს ჩემპიონატში, თბილისის ლოკომოტივში. წელიწადნახევრიანი თბილისური კარიერის შემდეგ დავითაშვილმა "ლოკო" დატოვა და ყაზანის რუბინში გადავიდა. მას შემდეგ ზურიკო წარმატებით გამოდის რუსეთის ჩემპიონატში. ახლა ის ვოლგოგრადის როტორშია რუბინიდან განათხოვრებული, რათა მას მეტი სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება ჰქონდეს. ზემოთ ჩამოთვლილთა მსგავსად ზურიკოც ნაკრების შემადგენლობაში ყოველთვის ხვდება.

ბექა მიქელთაძე (ვოლგოგრადის როტორი) მიქელთაძემ კარიერა ზუგდიდის ბაიაში დაიწყო, შემდეგ იყო ზესტაფონი და თბილისის დინამო, ამ უკანასკნელში 22 წლის ფეხბურთელი 2016 წელს გადავიდა, ხოლო 2018 წლის იანვარში რუსთავში აღმოჩნდა. რუსთავში გატარებული ნახევარი წლის შემდეგ ბექა მიქელთაძე თემურ ქეცბაიას ანორთოსისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. გაურკვეველი ამბების შემდეგ მიქელთაძე ანორთოსისდან წამოვიდა და რუსეთის ჩემპიონატს მიაშურა. იგი ყაზანის რუბინში ქართველებთან ერთად მოხვდა, მაშ შემდეგ რუბინმა ყველა ერთად ვოლგოგრადის როტორში გაანათხოვრა და ბექაც შესაბამისად იქ განაგრძობს კარიერას.

ეს ძალიან ძალიან პატარა ნაწილია, რაც ამტკიცებს დინამოს მენეჯმენტის უსაფუძვლო თავის მართლებას და მათ არასწორ მუშაობას. ამაზე დღეს ყველა თანხმდება.. ნებისმიერს, ვისაც აქვს წარმოდგენა და ჩახედულია ქართულ ფეხბურთში ყველა ერთხმად ამბობს, რომ დინამოს უმთავრესი პრობლემა, რაც ამდენ წარუმატებლობას იწვევს არის მ ე ნ ე ჯ მ ე ნ ტ ი. ესაა და ეს.

რომან ფიფიას ბოლო ინტერვიუდან, ტელე იმედის ეთერში შევიტყვეთ, რომ იგი დინამოში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს, მიუხედავად ასეთი სამარცხვინო წაგებისა. კლუბში გენერალური დირექტორის თანამდებობას ზაზა დოლიძე შეინარჩუნებს, ისევე როგორც თანამდებობას არ დატოვებს გუნდში ახლად დაბრუნებული ესპანელი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი.