ავტორი: ტატო ნიკურაძე

ბადრი კვარაცხელია: კლუბის გამოცვლას ჯერ არ განვიხილავთ

ბადრი კვარაცხელია: კლუბის გამოცვლას ჯერ არ განვიხილავთ
18-10-2020, 15:34
 
   

განვლილი სანაკრებო უქმეები დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, თუ ყველაზე წარმატებული არა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსი დაამარცხა და ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი მატჩის მოგება აშორებს. ამის შემდეგ კი, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ერთა ლიგის შეხვედრებში სომხეთთან და ჩრ.მაკედონიასთან ფრე ითამაშა. აღნიშნულ მატჩებში საქართველოს ნაკრების ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ. 19 წლის ქართველმა შემტევმა ბელარუსთანაც ბრწყინვალედ ითამაშა და ჩრ.მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ, მოედანზე გამოსვლიდან 4 წუთში, ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

ხვიჩას კარიერასა და მომავალზე სასაუბროდ მის მამას ვეტერან ფეხბურთელს და მწვრთნელს, ბადრი კვარაცხელიას დავუკავშირდით და მცირე კომენტარი ჩამოვართვით.

-ხვიჩას თამაშის შეფასება ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი. ეს ნაკრების მწვრთნელების, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, როგორც მშობელი, ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილმა ქართველ ხალხს ასე შეაყვარა თავი.

ნამდვილად იყო შემოთავაზებები გერმანიიდან და უკრაინიდან. ამ ქვეყნის რამდენიმე კლუბი, მათ შორის საკმაოდ სახელოვანიც, იყვნენ მისი გადაბირებით დაინტერესებულნი, მაგრამ ამ ეტაპზე კლუბის შეცვლას არ განვიხილავთ. ხვიჩა ჯერ საკმაოდ პატარაა, ძალიან ბევრი აქვს სასწავლი. არ გვსურს, სხვა გუნდში გადავიდეს და იქ სკამზე იჯდეს. განვითარებისთვის რუბინში ყველანაირი პირობა აქვს და ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და დასახვეწი. ახლა, ერთადერთი რაზეც ფიქრობს 12 ნოემბრის მატჩია, რომ იდეალურ სათამაშო კონდინციებში შეხვდეს.
-ამბობს ბადრი კვარაცხელია.