ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი

კვარაცხელიას კლასი და ფასი

კვარაცხელიას კლასი და ფასი
23-10-2020, 14:41
 
   

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ალმასია. მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად მატულობს. ამ ფაქტზე მეტყველებს ისიც, რომ ტრანსფერმარკეტზე 19 წლის შემტევის ფასი 7.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

BLOGSPORT.GE-ს მოპოვებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ხვიჩას გადაბირებით არაერთი სახელოვანი გუნდი ინტერესდებოდა. გერმანული გუნდებიდან განსაკუთრებულად მიუნხენის ბაიერნი და დორტმუნდის ბორუსია აქტიურობდნენ. ასევე მისი ყაზანის რუბინიდან გადაბირება რუსულ მოსკოვის სპარტაკსა და უკრაინულ კიევის დინამოს სურდა.

ინტერესი ახლა დიდია – ბევრგან დაიწერა, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ მოთხოვნა იზრდება და, ფაქტობრივად, ყაზანიდან მისი აბარგება დიდი დროის ამბავი არ არის.

თუმცა, ყაზანის რუბინის ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, რომ ქართველს ბევრი ევროპული გუნდი ეპოტინება, მაგრამ კლუბს გადაწყვეტილი აქვს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დადგომამდე არანაირი შემოთავაზება არ განიხილოს.

რუსების გათვლა

რუსულ მედიაში ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ღიად საუბრობენ. საქმე იმაშია, რომ ქართველი ტალანტის ამჟამინდელი ღირებულება, დაახლოებით 15 მილიონ ევროს შეადგენს. საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, კვარაცხელიას ღირებულება 25-30 მილიონამდე აიწევს და რუსებს გაცილებით სერიოზული თანხის გამომუშავება შეეძლებათ.

ამასთანავე, რუბინის თავკაცს ლეონიდ სლუცკის მიაჩნია, რომ ქართველს თავისი შესაძლებლობის მხოლოდ 25-30% აქვს გამოვლენილი და თავი არ ამოუწურავს.

ცოტა უცნაური და სასიხარულო

ისტორიულად უამრავი მაგალითი გვიჩვენებს, რომ რუსულ კლუბებიდან ქართველი მოთამაშეების გაღწევა და უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში მოხვედრა უტოპიად მოსჩანს. სხვა რუსული გუნდებისგან განსხვავებით, ყაზანის რუბინის ხელმძღვანელობას რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გააჩნია.
მათ გუნდის გამორჩეული ფეხბურთელების კონკურენტებისთვის დაბალ თანხად მიყიდვის სურვილი არ აქვთ. 2018/19 წლების სეზონში, ირანელი სერდარ აზმუნის 12 მილიონ ევროდ გაყიდვას დღემდე ვერ ინელებენ და ფიქრობენ, რომ მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დაუშვან.