ავტორი: ტატო ნიკურაძე

კლაქსვიკური სირცხვილის შემდეგ, დინამომ დერბი მოიგო

კლაქსვიკური სირცხვილის შემდეგ, დინამომ დერბი მოიგო
23-10-2020, 22:09
 
   

კლაქსვიკის სირცხვილის შემდეგ, თბილისის დინამომ პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა და თბილისურ დერბიში საბურთალო, ძალიან დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა. გეტყვით იმასაც, რომ ეს ამ გუნდების მეჩვიდმეტე დაპირისპირება იყო და დინამომ მეათედ იმარჯვა.

მატჩი ჩისკო მუნიოსის გუნდის დიდი უპირატესობით დაიწყო და სწრაფი გოლით დაწინაურდნენ კიდეც. საეჭვო ეპიზოდში დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად ნოდარ ქავთარაძემ შეასრულა. მალევე, გიორგი პაპავამ და ნოდარ ქავთარაძემ ისევ აიღეს საბურთალოელთა კარი და ანგარიში 3:0 გახდა.

მთელი მეორე ნახევარი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გოგა კიკაჩეიშვილმა, მოედნიდან გიორგი პაპავა გააძევა. ამის მიუხედავად, საბურთალომ ერთადერთი პენალტის გატანა შეძლო, რომელიც გაგი მარგველაშვილის ანგარიშზეა და მატჩიც ასე დასრულდა 3:1.
მატჩის ბოლო წამებზე, ჩისკოს გუნდი მოედანზე ცხრა კაცით დარჩა. საჯარიმოში ხელით თამაშისთვის ვიქტორ მონხილი გააძევეს და კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, მაგრამ მარგველაშვილმა ამჯერად ვერ იყოჩაღა.