ავტორი: ტატო ნიკურაძე

ლუკა სანიკიძე:თელავში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პროფესიონალად

ლუკა სანიკიძე:თელავში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პროფესიონალად
7-11-2020, 23:07
 
   

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი. უკვე, გამოკვეთილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. წლევანდელი სეზონის მთავარი აღმოჩენა საფეხბურთო კლუბი თელავია. კახური კლუბი ოთხი წლის წინ დაარსდა და სწორი მენეჯმენტით შეძლო ელიტაში გადმოსვლა და აქაც ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. რევაზ გოცირიძის გუნდს 15 ტურის შემდეგ, 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს.

თელავის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელი ლუკა სანიკიძეა. 21 წლის მეკარე მეოთხე წელია კახელთა ღირსებას იცავს და შეიძლება ითქვას ამ გუნდთან ერთად გაიზარდა.

Blogsport.ge ლუკა სანიკიძეს დაუკავშირდა და მას საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- თელავი ეროვნულ ლიგას წელს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ წელს უმაღლეს დივიზიონში პირველ სეზონს ატარებთ, თელავი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა და სენსაციური შედეგებიც შესთავაზა გულშემატკივარს. როგორ შეაფასებთ მიმდინარე სეზონს?

- ჩემპიონატი საკმაოდ კარგად დავიწყეთ და რამდენიმე ლიდერს მნიშვნელოვანი ქულებიც დავაკარგინეთ. ასევე, იყო ისტორიული გამარჯვება სამტრედიასთან, რომელიც Crystalbet ეროვნულ ლიგაში პირველი იყო ჩვენთვის. სეზონის შუაში მცირე ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივია. ახალი გუნდი ვართ, დებიუტი გვაქვს ეროვნულ ლიგაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ დასკვნით მატჩებში შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას და ადგილის შენარჩუნებას.

-თელავში მეოთხე წელია რაც თამაშობთ. რას იტყვით ამ გუნდის შესახებ?


- საფეხბურთო კლუბ თელავს 2017 წელს, ჯერ კიდევ, მაშინ შევუერთდი, როდესაც გუნდი საქართველოს ჩემპიონატის რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა. აქ მე მენდნენ და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ბევრი რთული და კარგი პერიოდი გამოვიარე გუნდთან ერთად, რომლის დავიწყებაც რთულია. შეიძლება ითქვას, რომ მე აქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თელავს ყველაფრისთვის.

-თელაველ გულშემატკივრებზე რას იტყვით?

-კახელ გულშემატკივრებზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ეს ადამიანები- წვიმაში, ქარში ყოველთვის ჩვენთან ერთად არიან. ეს ხალხი ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს

-ლუკა, ეროვნულ ლიგაზე რას გვეტყვით? ბოლო წლებში, რამდენად ვითარდება საქართველოს ჩემპიონატი?

-საკმაოდ დაძაბული და დაახლოებით თანაბარი სიძლიერის გუნდებისგან შემდგარი ჩემპიონატია. ვისაც არ უნდა ეთამაშებოდე წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, რაც კარგია. სათამაშო ხარისხმაც მოიმატა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვართ იმ დონეზე რასაც ქართველი ქომაგი ითხოვს.

-ლუკა, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეკარე ხარ. რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს ნაკრებში თამაში?

-როდესაც ფეხბურთის თამაშს იწყებ შენი უპირველესი მიზანია საკუთარი ქვეყნის სახელით ითამაშო და ნაკრებში მოხვდე. როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გადიხარ შენ მთელ ქვეყანას ემსახურები და სამშობლოსთვის ყველაფერი უნდა გაიღო გამარჯვებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს ეს ასაკობრივი ნაკრები იქნება თუ დიდების.

- ბოლოს, 12 ნოემბერს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ვმასპინძლობთ. საქართველო-ჩრ.მაკედონიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. რა მოლოდინი გაქვს ამ მატჩის შესახებ?

-ის მოლოდინი მაქვს, რაც თითოეულ ქართველს. დარწმუნებული ვარ ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებთ და ქართულ ფეხბურთში ახალი ეპოქა დაიწყება. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დადებით ძვრებს გამოიწვევს. ახლა, მთელი ქვეყანა უნდა გავერთიანდეთ ამ მატჩის ირგვლივ, ფეხბურთს შეუძლია ერის გაერთიანება და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატება.