ავტორი: ლევან ქობალია

საფეხბურთო ნაკრების 2 წევრს COVID-19 დაუდასტურდა

საფეხბურთო ნაკრების 2 წევრს COVID-19 დაუდასტურდა
11-11-2020, 15:57
 
   

ქართული ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, სამწუხარო ინფორმაციის გავრცელება გვიწევს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 12 ნოემბერს მაკედონიასთან გასამართ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია ვერ დაეხმარებიან. მათ კორონავირუსზე დადებითი პასuხი მოუვიდათ.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა:

"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან დაიწყო.

საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალდებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს.

10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს."


შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალურ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას დინამო არენაზე დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზეა ჩანიშნული და მის პირდპაირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.