ავტორი: ტატო ნიკურაძე

ვლადიმირ ვაისი: ცხოვრება გრძელდება

ვლადიმირ ვაისი:  ცხოვრება გრძელდება
14-11-2020, 14:41
 
   

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრის წინ, რომელსაც საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ძალიან რთულია რამეზე საუბარი. 12 ნოემბერი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე იყო. ფსიქოლოგიურად ყველანი ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ხვალ, მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეს თამაში დიდწილად გადაწყვეტს ჯგუფის გამარჯვებულის ბედს, რომელიც სამომავლოდ საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
გუშინ მე მქონდა შეხვედრა ბიჭებთან, ბევრი ტიროდა. ასევე, გვქონდა ძალიან ემოციური შეეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან. მან გაგვამხნევა და გვითხრა, რომ დავივიწყოთ ეს მტკივნეული, უიღბლო დღე და განვაგრძოთ წინვლა მომავლისთვის.

მე მჯერა საქართველოს ნაკრების ახალი თაობის და დარწმუნებული ვარ ამ ბიჭებს დიდი მომავალი აქვთ.



ხვალინდელ თამაშში რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდება. გიორგი ქვილითაიას მცირე ტრავმა აწუხებს. ჩრ.მაკედონიასთან კვარაცხელია, ჩაკვეტაძე დაგვაკლდა, რომელებიც ნაკრების გამორჩეული მოთამაშეები არიან, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან თამაშში გამოცდილ ფეხბურთელებს მეტი მოეთხოვებათ. მაგალითად, გორან პანდევმა გადაწყვიტა, ძირითადად, ამ მატჩის ბედი.

სომხეთთან ბევრი ცვლილება იქნება და თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს მიეცემა. წარმოიდგინეთ ბარსელონას თამაში მესის გარეშე, ასევეა, საქართველოს ნაკრები ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე.
- ამბობს ვლადიმირ ვაისი

საქართველოსა და სომხეთის მატჩი ხვალ „დინამო არენაზე" 21:00 დაიწყება.