ავტორი: ტატო ნიკურაძე

რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!

რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!
18-11-2020, 22:51
 
   

2020 წელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წარუმატებლად დაასრულა. თან ისე წარუმატებლად, რომ, ამ თამაშის ხარისხით, უკეთესი მომავლის იმედიც ძნელია გვქონდეს. ჯერ ჩრ.მაკედონიასთან ისტორიულ შეხვედრაში დავმარცხდით, თან ისე, რომ ჩვენს ფეხბურთელებს განსაკუთრებულ მოტივაციას და გამარჯვების ჟინს ვერ შეატყობდი. შემდეგ იყო ყოვლად უსახური მარცხი სომხეთთან, რომელმაც თბილისში პირველად მოგვიგო, ახლა კი, უსუსტეს ესტონეთს ვერ მოუგეთ. მოგებას ვინ ჩივის გაუთავებელი უკან პასებით გააზრებული ფეხბურთი ვერ დაუპირისპირეთ.

სომხეთთან ძალიან მტკივენეული მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვლადიმირ ვაისმა დატოვა დღეს ჩვენს გუნდს 39 წლის რამაზ სვანაძემ უხელმძღვანელა.

მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მარტო ბურთის ფლობა რათ გვინდა, მაშინ როცა პასების დიდი უპირატესობა უკან კეთდება. შეტევით ფაზაში კი, საშემსრულბლო ოსტატობა გვაკლია. ვაკო ყაზაიშვილი, ხშირ შემთხვევაში, ზედმეტს ინდომებს. შორეული დარტყმებისას ესტონელთა მეკარე დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ დამატებაზე არცერთი საქართველოს ნაკრების მოთამაშე იქ არ აღმოჩნდებოდა, სადაც საჭირო იყო.

ბოლო წუთებში, მეტოქე კარს მივაჯაჭვეთ, მაგრამ ესტონელთა „ავტობუსის" გარღვევა ვერ შევძელით და მატჩი ფრედ დასრულდა.

ამბობენ, არ გაგვიმართლაო, მაგრამ ძლიერებს უმართლებთ და დღეს, ისევე როგორც ხშირად, საქართველოს ნაკრებს ძლიერი გუნდის არაფერი ეტყობოდა.

საბოლოოდ, უეფას ერთა ლიგის ც დივიზიონი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში-1 მოგებით, 4 ფრით, 1 წაგებით დაასრულა და 7 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ჯგუფი კი, სომხეთმა მოიგო, რომელმაც ჩრ.მაკედონია დაამარცხა და ბ დივიზიონში აღზევდა.