ავტორი: ტატო ნიკურაძე

ღმერთებს ყველაფერს პატიობენ

ღმერთებს ყველაფერს პატიობენ
26-11-2020, 15:25
 
   

მსოფლიოს ყველა კუთხეში, ყველა საინფორმაციო გამოშვებაში. მარადონა ახლა პირველი თემაა. წავიდა, მაგრამ დიდი სახელი დატოვა. სახელი, რომელსაც ვერაფერი გატეხს და შეცვლის. მის ცხოვრებაში იყო ნარკოდამოკიდებულება, სკანდალები, მაგრამ ამან დიეგოს იდეალს ვერაფერი დააკლო, რადგან ღმერთებს ყველაფერს პატიობენ. ის, მხოლოდ ფეხბურთს არ თამაშობდა. თამაშობდა ქვეყნისთვის და ხალხისთვის.

დიეგო არმანდო მარადონას გრანდიოზული თავგადასავალი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, ერთ-ერთ გარეუბანში დაიწყო. მიუხედავად, უჩვეულო გარემოცვისა, რომელშიც იგი ცხოვრობდა, დიეგომ ადრეულ ასაკშივე მოახერხა თავისი უნიკალური საფეხბურთო ნიჭის დემონსტრირება. ის შინაგანად, მთელი არსებით თამაშობდა და ამიტომაც მსოფლიო ფეხბურთში უდიდესი სახელი დატოვა. სწორედ, მან 1979 წელს არგენტინის ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა.

„მე ძალიან იღბლიანი ვიყავი, რადგან მარადონასთან ერთად ვითამაშე.. მას ბურთთან უნიკალური ურთიერთობა ჰქონდა. ის, ყველაფერში ძალიან ესთეტიკური იყო, რასაც აკეთებდა. უბრალოდ, მშვენიერი იყო მისი ყურება.“ -ფერნანდო რედონდო.

მარადონა ჯერ კიდევ, მხოლოდ, 20 წლის იყო, როდესაც, უკვე, 100 გოლი ჰქონდა გატანილი. დიეგო მზად იყო მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაწყებულიყო. პირველი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ბოკა ხუნიორსი იყო, რომლის შემდეგაც , ის ბარსელონაში აღმოჩნდა. დიეგოს კატალონიური პერიოდი ავადმყოფობოსთან, ტრავმებთან, უდისციპლინობასთან იყო დაკავშირებული, რამაც ბევრის მხრიდან მისი მისამართით უხეში მოპყრობაც გამოიწვია. ამიტომაც, ის მალე ნაპოლში გადავიდა და დიდწილად, სწორედ ამ ტრანსფერმა განსაზღვრა მისი უდიდესი საფეხბურთო კარიერა.

„მე ვარ ნეაპოლელი, ნეაპოლის მოქალაქე. პირველივე დღიდან, რაც აქ მოვედი. - დიეგო მარადონა“

ნაპოლში მარადონას მოსვლის შემდეგ, ამ კლუბის არსებობის ისტორიაში, საუკეთესო პერიოდი დაიწყო. 1987 წელს ნეაპოლელებმა პირველად მოიგეს სერია ა, რაც, ამის შემდეგ, ზედიზედ სამჯერ მოახერხეს. დიეგო გახდა ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი და დღემდე ნეაპოლელი გულშემატკივრების ხატად რჩება.

„ის იყო მოთამაშე, რომელმაც დაწერა ისტორია. ის იყო მითიური მოედანზე. ვერავინ შეძლებს, მის დონემდე მისვლას." -დიეგო ანუზა (იტალიელი გულშემატკივარი)




არგენტინის ნაკრებში მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. მაგრამ მარადონა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში „ფეხბურთის ღმერთად“ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შევიდა. მექსიკაში ჩატარებული მუნდიალი დიეგომ მარტო მოიგო. ფინალურ მატჩში „აცტეკაზე“ არგენტინამ დასავლეთ გერმანიას 3:2 მოუგო. თუმცა, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველას დიეგოს გოლი ახსოვს, რომელიც მან ინგლისს ხელით გაუტანა. თავად ამ გოლს ღმერთის ხელით გატანილი გოლი უწოდა.
დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მის ცხოვრებაში ბევრი ცუდი და კარგი მომენტები ყოფილა, მაგრამ დიეგო ყველასთვის დარჩა ღმერთად, ამიტომ ღმერთებს ყველაფერს პატიობენ.

სადაც კი, მივედი ყველგან ვხედავდი პოსტერებზე ჩემს სახელს. ვისაც უყვარხარ, იმათ ვერასდროს დაივიწყებ. არის რაღაც, რომელიც მუდმივად შენს გულში იქნება, რადგან ეს არის ურთიერთობა. სიყვარული, რომელიც შენ მოიპოვე"-დიეგო მარადონა

დიეგო არსად წასულა, რადგან ის მარადიულია.