ავტორი: ტატო ნიკურაძე

ღირსეულად, ბრწყინალე ლელოთი

ღირსეულად, ბრწყინალე ლელოთი
29-11-2020, 20:00
 
   

მესამე მატჩი და მესამე მარცხი. 2020 წლის შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში, მსოფლიო რაგბის მექადწოდებულ „ავივა სთედიუმზე", საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა და მიუხედავად ბრძოლისა და წინა მატჩებისგან განსხვავებით(მთელ რიგ კომპონენტებში) უკეთესი თამაშისა დავმარცხდით.

„ბორჯღალოსნები" დაცვაში კარგად მოქმედებდნენ და ძალიან ცოტა ბოჭვებს აფუჭებდნენ, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ირლანდიელებმა მოახერხეს საქართველოს ნაკრების დაცვის ერთ სივრცეში გამოჭერა, შემდეგ სიჯეი სთანდერმა და ქონორ მარიმ გრძელი, ღრმა პასებით ბოლომდე გაწელეს დაცვა და ლელოებიც დაგვიდეს.

პირველ ნახევარში, ერთი ბრწყინვალე ამბავიც მოხდა. სოსო მათიაშვილის შიგნით შებრუნებული პასის შემდეგ, გიორგი კვესელაძემ ბრწყინვალე სოლორეიდი განახოციელა, „პანტა-პუნტით" დააწვინა მთელი ირლანდია მოედანზდე და სასწაული ლელო დადო. თედო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა

მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო. მძლავრი ბოჭვები, რაქში ბრწყინვალე თამაში, მაგრამ დიდი ბრძოლით მოპოვებულ უპირატესობას ქარს ვატანდით. დერეფანში თამაში ვერანაირ კრიტიკას უძლებდა. როცა, 20-ფაზიან შეტევას იგერიებ და შემდეგ დერეფანში, ისეთ ელემენტარულ შეცდომას უშვებ, როგორიც ბურთის არასწორად მოწოდებაა, ასეთ დონეზე ასეთი შეცდომები არ გეპატიება. ასევე, მითი „ბორჯღალოსნების" შერკინების უძლეველობის შესახებ ნელ-ნელა იმსხვრევა. დღეს, მიხეილ ნარიაშვილი შერკინებაში სამჯერ დაჯარიმდა.

სამაგიეროდ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ თორნიკე ჯალაღონიას ბრწყინვალე თამაში. ის ბრწყინვალე იყო რაქებში და ირლანდიელებს რამდენჯერმე რაქიდანაც ამოიღო ბურთი.

საბოლოოდ, ეს მატჩი, მიუხედავად მარცხისა, ნამდვილად ჩაითვლება საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულ და ამ ტურნირზე საუკეთესო მატჩად.