ავტორი: ტატო ნიკურაძე

კვესელაძე გლოსთერში ითამაშებს

კვესელაძე გლოსთერში ითამაშებს
14-12-2020, 20:01
 
   

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი გიორგი კვესელაძე კარიერას ინგლისურ გლოსთერში გააგრძელებს. Blogsport.ge-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 23 წლის ქართველმა მორაგბემ ინგლისურ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გიორგი კვესელაძემ თავი 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა და ეროვნულ გუნდშიც მალე დაიმკვიდრა თავი. განსაკუთრებით, თვალშისაცემი იყო გიორგის თამაში შემოდგომის ერთა თასზე, რომელზეც მან ირლანდიასთან საოცარი ლელო დადო. ეს ლელო გულშემატკივრებმა ტურნირის საუკეთესო ლელოდ აღიარეს.

გლოსთერი ტრადიციული ინგლისური კლუბია, რომელიც 1873 წელს დაარსდა. სხვადასხვა დროს, ეს კლუბი გახლავთ ევროპის ჩელენჯ თასის ორგზის გამარჯვებული (2005-06; 2014-15). გარდა ამისა, ორჯერ იყო ტურნირის ფინალში (2016-17; 2017-18). ინგლისის პრემიერშიფის ხუთგზის ვერცლის მედალოსანი, ანგლო-უელსური თასის 5 გზის გამარჯვებული.

გასულ სეზონში კი, გლოსთერელებმა ინგლისის პრემიერშიფში მეშვიდე ადგილი დაიკავეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი 38 წლის ინგლისელი ჯორჯ სკივინგტონია.


ავივა პრემიერშიფის მიმდინარე სეზონში, რომელშიც ჯერ მხოლოდ სამი ტურია გამართული, გლოსთერი 5 ქულით მეცხრე ადგილზეა.


გეტყვით, რომ გიორგი კვესელაძე არმაზის აღზრდილია. ბოლოს კი, გორის ჯიქში თამაშობდა.