ავტორი: ტატო ნიკურაძე

მონტენეგროელები ჩავძირეთ

მონტენეგროელები ჩავძირეთ
17-12-2020, 18:14
 
   

ქართული წყალბურთის მორიგი უდიდესი გამარჯვება. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში თბილისის დინამო იადრან ჰერცოგ ნოვს დაუპირისპირდა და 11:8 დაამარცხა. მონტენეგროული გუნდი 1926 წელს დაარსდა. იადრანი გახლავთ: მონტენეგროს 8-გზის ჩემპიონი; 13-გზის მონტენეგროს თასის გამარჯვებული; 2-გზის ევროპა ლიგის გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ეს შედეგიანობასაც დაეტყო. თბილისის დინამოს შემადგენლობაში განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ 16 წლის ბესარიონ ახვლედიანი, რომელმაც მონტენეგროელებს ბრწყინვალე ბურთი გაუტანა და მშვენიერი ასისტით ანდრია ბითაძეს გაატანინა. ასევე, ბრწყინვალე მატჩი ჰქონდათ თბილისის დინამოს კაპიტანს მარკო ელაჩას და ანდრია ბითაძეს. მათ დღეს სამ-სამი ბურთის გატანა მოახერხეს.

ძალიან მძიმე გამოდგა შეხვედრის მეოთხე პერიოდი, როდესაც იადრანმა, თითქოს, მოახერხა თამაშის დაქაჩვა, მაგრამ ჩვენი გუნდის ცენტრმა, ანდრია ბითაძემ, შესანიშნავი ბურთის გატანა შეძლო.

საბოლოოდ, 11:8 და თბილისის დინამომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გოლები: 1:0 ახვლედიანი; 2:0 ბითაძე; 2:1 ავერკა; 2:2 ბანიცევიჩი; 3:2 ელაჩა; 3:3 პეტკოვიჩი; 3:4 რადოვიჩი; 4:4 ადეიშვილი; 5:4 სარიჩი; 6:4 ელაჩა; 7:4 ვაპენსკი; 7:5 რადოვიჩი; 7:6; 8:6 ელაჩა; 9:6 ბითაძე; 9:7 ავერკა; 10:7 ვასიჩი; 11:7 ბითაძე; 11:8 ობრადოვიჩი