ავტორი: ტატო ნიკურაძე

რამაზ ხარაზიშვილი: ხურციძე მხოლოდ იმას ამბობს, რაც აწყობს

რამაზ ხარაზიშვილი:  ხურციძე მხოლოდ იმას ამბობს, რაც აწყობს
8-01-2021, 14:10
 
   

ყველაფერი თავიდან?! ქართული რაგბის გულშემატკივრებს, ალბათ ეს შეკითხვაც დაებადებოდათ. 2020 წლის 30 დეკემბერს ერთწლიანი დაძაბულობის და ურთიერთბრალდებების შემდეგ, სარაგბო კლუბ ლოკომოტივის ბაზაზე რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საანგარიშო კრება(ყრილობა) გაიმართა, რომელზეც 43 დელეგატი დარეგისტირდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა,ირაკლი აბუსერიძემ, რომელსაც „ბორჯღალოსნების" კვართით 85 მატჩი აქვს ჩატარებული, 31 ხმა მიიღო და პრეზიდენტად აირჩა. 10 ხმა მიიღო გოჩა სვანიძემ. პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა ლაშა(ბაჩო) ხურციძემ კი, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ამის შემდეგ, ბევრი ფიქრობდა ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30 დღე მისცა. ამასთანავე, საჯარო რეესტრში საჩივარი დაარეგისტრია ბაჩო ხურციძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, რადგან გადადებული არჩევნების ჩატარების ვადები დაირღვა და რამდენიმე კლუბს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.

ამ საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად, Blogsport.ge საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებისა და სარაგბო კლუბ კიკეთის იუნკერების კაპიტანს, საინიცატივო ჯგუფის ლიდერს რამაზ ხარაზიშვილს დაუკავშირდა.

- ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ ჩემს წინადადებებს სერიოზულად ვერ აღიქვამს, როდესაც ვამბობ ირაკლი აბუსერეძეს კლუბების და დელეგატთა 70 % უჭერს მხარს თქო. გარდა იმ დელეგატებისა, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, სხვა დელეგატებიც ირაკლი აბუსერიძეს და მის გუნდს უჭერდნენ მხარს. ბათუმი, ყაზბეგი, ხაშური, ჭიათურა, ბორჯომი- ამ გუნდების წარმომადგენლები ზოგი დაფინანსების შეწყვეტით და სხვადასხვა სახით დააშინეს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, რადგან აბუსერიძის მომხრეები იყვნენ. ასე რომ, ხურციძის კომენტარი 23 დელეგატი რომ მოსულიყო შეიძლება მომეგოოო არარელევანტურია. დაითვალოს არგამოცხადებული დელეგატებიდან, რამდენი უჭერდა მას მხარს და რამდენი არა.

მთელი წლის განმავლობაში იძახდა დროულად უნდა ჩატარდეს არჩევნები და 7 დეკემბრის განცხადებაშიც უწერია, რომ ითხოვს გადადებული არჩევნების დროულად ჩატარებას და ამ განცხადებას ემხრობა კლუბების 99 %, მათ შორის ის კლუბებიც, რომლებიც ბაჩო ხურციძის მხარდამჭერია და ერთ კვირაში, როგორც სჩანს, შეატყვეს გამარჯვების შანსი არ ჰქონდათ და დაიწყეს არჩევნების ჩაშლაზე და გადადებაზე ზრუნვა. ამას მეტი ახსნა არ აქვს. ერთი კვირის წინ, ოფიციალური დოკუმენტით გადადებულ არჩევნებს ითხოვდე და შემდეგ ვადების დარღვევა არის და ეს არჩევნები არალეგეტიმურიაო. 7 დეკემბერს არ იყო ვადები დარღვეული მაგ ლოგიკით? ის გუნდები, რომლებიც მაგას უჭერდა მხარს და არჩევენების დროულად ჩატარების მომხრენი იყვნენ და ხელსაც აწერდნენ განცხადებას: ლელო სარასენსი, ბოლნისის ყოჩები, ქუთაისის აია. ამ კლუბებმაც სხვა კლუბებთან ერთად მოაწერეს ხელი არჩევნების დეკემბერში ჩატარებას და ახლა საკუთარ სიტყვას ეწინააღმდეგებიან. გორგასლიძე (ჩელე), კევლიშვილი, გეგენავა სამივე გამგეობის წევრია. გორგასლიძემ გამგეობის სხდომაზე მოაწერა ხელი არჩევნების დანიშვნას. დანარჩენმა ორმა მანამდე და ახლა იძახიან არალეგიტმურიაო.

ხურციძე მხოლოდ იმას ამბობს, რაც მას აწყობს. უბრალოდ, ის და მისი გუნდი მარცხს ვერ ეგუებიან.
.- ამბობს რამაზ ხარაზიშვილი.