ავტორი: ტატო ნიკურაძე

გოჩა სვანიძე: ხურციძე ზედმეტად ამპარტავანი ადამიანივით იქცევა

გოჩა სვანიძე:  ხურციძე ზედმეტად ამპარტავანი ადამიანივით იქცევა
8-01-2021, 22:50
 
   

ქართულ რაგბიში დაძაბულობა 2021 წელსაც არ წყდება. ისევ ურთიერთბრალდებები, სკანდალები და ა.შ. 2020 წლის 30 დეკემბერს სარაგბო კლუბ თბილისის ლოკომოტივის ბაზაზე ჩატარებული არჩევნების შედეგები, რომლის თანახმადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა. მიზეზად კი, გადადებული არცევნების ჩატარების ვადების დარღვევას ასახელებს. ასევე, საჯარო რეესტრში თავისი საჩივარი დაარეგისტრირა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Blogsport.ge-ის ექსკლუზიური კომენტარი მისცა საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჯერად გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა სვანიძემ.

- მე, როგორც იურისტი, გეუბნებით, რომ საჯარო რეესტრის განცხადებაში ისეთი არაფერი წერია, რომელიც 30 დეკემბერს ჩატარებული საარჩევნო ყრილობის არალეგიტიმურობას დაამტკიცებს. რეესტრმა დროებით შეაჩერა მისი რეგისტრაცია, რადგან ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ბაჩო ხურციძემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვეს დამატებითი დრო საქმის მასალების საფუძვლიანად შესწავლისთვის. რა თქმა უნდა, საბუთებში იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოვასწორეთ და ამას საჯარო რეესტრიც დაადასტურებს. ჩემს მიერ შედგენილია რაგბის კავშირის საარჩევნო წესდება. ასე რომ, მის ცოდნასა და იურიდიულ ტერმინოლოგიაში ნუ შემომედავებიან. ისიც, ძალიან კარგად ვიცი რისი უფლება აქვს საჯარო რეესტრს და რისი არა. უბრალოდ, ხდება გარკვეულ ადამიანთა ჯგუფის მიერ, სარაგბო ოჯახში არეულობის შემოტანა, რაც არა გოჩა სვანიძეს, ბაჩო ხურციძეს და ირაკლი აბუსერიძეს, არამედ ქართული რაგბის მომავალს აზიანებს.

თავად, ხურციძე ითხოვს 7 დეკემბრის განცხადებაში გადადებული არჩევნების დროულად დანიშვნას და მერე თავისივე სიტყვას ეწინააღმდეგება და ჯერ ამაზე გაგვცეს პასუხი.

ხურციძის განცხადება, რომ მე და აბუსერიძე ერთმანეთს ვლანძღავდით და ახლა გავერთიანდით, უბრალოდ სერიოზულობას მოკლებულია. მე და აბუსერიძე გავერთიანდით ბაჩო ხურციძის, იმ კანდიდატის, წინააღმდეგ, რომელსაც 3 ხმა ჰქონდა სულ? ცოტა უხერხულია ამ ყველაფრის მოსმენა ადამიანისგან, რომელსაც ჯერ სამი ხმა ჰქონდა და შემდეგ ჩემი მხარდამჭერი კლუბების 1/3 თავისკენ გადაიყვანა. ხურციძეს არ აქვს კლუბებისგან და დელეგატებისგან სათანადო მხარდაჭერა და არეულობის შემოტანას ცდილობს. მისი საქციელი ზედმეტად ამპარტავანი ადამიანის საქციელს გავს. მე აბუსერიძესთან კი არ გავერთიანდი მის წინააღმდეგ, არამედ მე ვმოქმედებ ქართული რაგბის სიყვარულით, რადგან ზედმეტად გაიწელა არჩევნები და კიდევ გადადება ცუდ შედეგებს მოიტანდა.

საარჩევნო წესდება თუ არ მოსწონდა ბაჩო ხურციძეს 4 წლის განმავლობაში მუშაობდა რაგბის კავშირში, საკმოდ მაღალ თანამდებობაზე და არასდროს ერთი სიტყვა არ დაუძრავს მაგაზე. „მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და სხვა არ მეხებოდა"- ესაა კარგი მენეჯერობა?! ზოგადად, არ მსურს ამაზე ღიად საუბარი და ყველაფრის დღის სინათლეზე გამოტანა, მაგრამ იმ გუნდით, რომლებსაც მე ვენდობოდი, ბევრმა მიღალატა და განსხვავებული, უცნაური შეხედულებები გამოავლინა.

საბოლოოდ, ჩვენ გვაქვს გასწორებული დოკუმენტები, რომელზეც ვერავინ მოგვედავება და ყველაფერი ჩვეულებრივ იქნება. ქართული რაგბი, კვლავ გააგრძელებს პროგრესს. - ამბობს გოჩა სვანიძე.