ავტორი: ტატო ნიკურაძე

ირაკლი აბუსერიძე: პატარა კაცის ამბიციებს ქართული რაგბი არ უნდა შევწიროთ

ირაკლი აბუსერიძე: პატარა კაცის ამბიციებს ქართული რაგბი არ უნდა შევწიროთ
10-01-2021, 15:25
 
   

ქართულ რაგბიში დაძაბული ვითარება, ისევ გრძელდება. 10 თვის წინ, დაწყებულ ურთიერთბრალდებებს დასასრული არ უჩანს. 2020 წლის 30 დეკემბერს სარაგბო კლუბ ლოკომოტივის ბაზაზე ჩატარებული საარჩევნო ყრილობა, რომლის მიხედვითაც გამარჯვებული ირაკლი აბუსერიძე გახდა, საჯარო რეესტრმა არ სცნო. რეესტრმა დოკუმენტებში რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინა და ხარვეზების გამოსასწორებლად აბუსერიძეს და მის გუნდს 30 დღიანი ვადა მისცა.

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბაჩო ხურციძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო ყრილობა არალეგიტიმურია და ის განმეორებით უნდა ჩატარდეს. აბუსერიძის გუნდში კი, მიიჩნევენ, რომ ტექნიკური ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და ხურციძის მიზანი , მხოლოდ, სარაგბო ოჯახში არეულობის შემოტანაა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი აბუსერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ, მორაგბეებს შორის პოლიცია რომ ჩადგა? იმ სივრცეში ისევ დაუპატიჟებელი სტუმრები დგანან, უბრალოდ ამჯერად რაგბის სამართლიან არჩევანს და მის მომავალს შორის იუსტიციის სამინისტრომ დაიდო ბინა. როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული, სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება შესაძლო ტექნიკური ხარვეზის გამო შეაჩერეს და ახლა, მაშინ როცა წინ პრინციპული თამაში გველის რუსეთის ნაკრებთან, რაგბის კავშირის ბედი კვლავაც დროებით მმართველს მიანდეს. რაგბი და რაგბის კავშირის მომავალი ბევრად უფრო მეტია ვიდრე შესაძლო ტექნიკური ხარვეზის არსებობა. ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დამარცხდა, ამ ტექნიკურ ხარვეზს ბოლო იმედად იყენებს. მოთმინება კვლავაც შემრჩენია და ზუსტად ვიცი, რომ ხელახალ არჩევნებსაც იგივე პროპორციით მოვიგებ, უბრალოდ რატომ? ერთი პატარა კაცის დიდმა ამბიციამ, რატომ უნდა დააზარალოს ქართული რაგბი? ერთი პატარა კაცის ამბიცია, რატომ უნდა ყოფდეს რაგბის კავშირს ორ ნაწილად? ეს პატარა კაცი, ბაჩო ხურციძე, ზუსტად ერთ საათში ბრიფინგს გამართავს, გამოვა და ბევრს ილაქლაებს რომ ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი განა შესაძლო ტექნიკური ხარვეზია, არამედ არსი მთელი არჩევნების. თითქოს ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი რომ არა ამხელა კლუბების მეპატრონეები, რაგბის მომავლის კეთილმსურველები, ფერებით მოყვანილი თაობების სარაგბო მომავალს ამ სკამზე შეყვარებულ პატარა კაცს მიანდობდა. გამოვა და ილაპარაკებს, რომ ვითომ მე და გოჩა სვანიძე შევიკარით და მის წინააღმდეგ შეთქმულებას ვაწყობთ, არადა უკვე ყველა საღად მოაზროვნემ გაიგო, რომ ჩემ და გოჩას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, მაგრამ ჩვენი შერიგება რაგბის მომავალს ჭირდება. ეს ყველამ გაიგო გარდა პატარა კაცისა, პატარა კაცისა რომელიც რაგბის მომავალზე კი არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. მე არ ვაპირებ, რომ იმ ნდობას, იმ იმედს და იმ პასუხისმგებლობას ვუღალატო რომელიც რაგბის კეთილმსურველებმა მარგუნეს და არავის, მითუმეტეს ამ პატარა კაცს, არ მივცემ იმის საშუალებას რომ რაგბს და რაგბის სიყვრულს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს. - წერია აბუსერიძის განცხადებაში.