ავტორი: ტატო ნიკურაძე

საინიციატივო ჯგუფი ნიაზ მამრიკიშვილს ტყუილში ამხელს [VIDEO]

საინიციატივო ჯგუფი ნიაზ მამრიკიშვილს ტყუილში  ამხელს [VIDEO]
11-01-2021, 23:18
 
   

ქართული რაგბის ირგვლივ დაძაბული ვითარება, ისევ არ წყდება. 2020 წლის 30 დეკემბრის საარჩევნო ყრილობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ დაარეგისტრირა. მიზეზად კი, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ლაშა (ბაჩო) ხურციძის საჩივარი დასახელდა.

ბაჩო ხურციძემ და მისმა გუნდმა სარაგბო კლუბ ლელო სარასენსის ბაზაზე პრესკონფერენცია გამართეს, სადაც არჩევნების არალეგიტიმურობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, განიხილეს საკითხი, რომელშიც ნიაზ მამრიკიშვილი გოჩა სვანიძეს ბრალდებებს უყენებს. მისი თქმით, საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის დაწყება საინიციატივო ჯუფის დამსახურებაა, რომლის წევრი თავადაც იყო.

საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და თავიანთ ისტორიას გვაცნობენ. პლუს, ყველას მოუწოდებენ, რომ ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ იყენებენ საინიციატივო ჯგუფის სახელს, რადგან მამრიკიშვილი მათი წევრი არ ყოფილა.

Blogsport.ge აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.


- საინიციატივო ჯგუფის სახელით, ჩვენ გვინდა პასუხი გავცეთ და ნათელი მოვფინოთ ყველაფერს, რაც დღეს რაგბიში ხდება. ამისთვის საჭიროა ისტორია ქრონოლოგიურად მოგიყვეთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო და რომელიც გამოიწვია ამ ბოლო 10 წლეულში დაგროვებულმა პრობლემებმა. პანდემიის პერიოდში პრობლემებმა ერთდროულად იფეთქა. გაიხსნა „პანდორას ყუთი", რომელიც პირამდე იყო სავსე, რომელსაც საზოგადოებას ყველანაირი ძალით არიდებდნენ.

2020 წლის დასაწყისი
კლუბები სულს ღაფავენ და მთლიანად რაგბიც სულს ღაფავდა მძიმე ფინანსური კრიზისის გამო, რადგან რაგბის დაფინანსებაში ჩადებული ფული მიდიოდა გაურკვეველი მიმართულებით და არ იხარჯებოდა მიზნობრივად. ასევე, მეათე ხარისხოვანი იყო შიდა ჩემპიონატი და ბავშვთა რაგბი, რომელზეც ბიუჯეტიდან სულ რაღაც 0.4% იხარჯებოდა. ყველა ელოდებოდა და იმედის თვალით შეჰყურებდა არჩევნებს და იმ დაპირებებს, რომელსაც კანდიდატები იძლეოდნენ. ამ დაპირებებში რაგბის განვითარებას ვინ ჩივის, მაგრამ ცოტაოდენი სულისმოთქმის საშუალება მაინც ჩანდა. არჩევნები გადაიდო გაურკვეველი ვადით და რთული პერიოდი ისევ გაგრძელდა.

2020 წლის მარტი
მარტის შუა რიცხვებში პანდემიის გამო შიდა ჩემპიონატები, სრულიად რაგბი და საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო დაპაუზდა. არც ვარჯიშის საშუალება იყო, არც ფინანსური შესაძლებლობა და მომავალიც გაურკვეველი გახლდათ.

2020 წლის აპრილი, მაისი
რაგბის კავშირის უმოქმედობის გამო ( მათ შორის ნიაზ მამრიკიშვილი, საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი), ჩემპიონატის განახლების ვადები ისევ უცნობია. რაგბი კოლაფსშია, პასუხი არსაიდან არ ისმის, კავშირის ოფისში 2 ადამიანს ვერ იპოვი, ვინც ელემენტარულ კითხვაზე პასუხს მაინც გაგცემს.

2020 წლის ივნისი
მოთამაშეებს და პერსონალს რამდენიმე თვეა ხელფასები არ აუღიათ. ზოგი გლოვოში იწყებს მუშაობას, ზოგი მშენებლობაზე, ზოგიც დაცვაში (ზოგიერთი სხვა სამსახურში).
კლუბები თვითონ თავისი ძალებით იწყებენ შეკრებების მოწყობას, რომ იმსჯელონ რა სახით და რესურსებით (რომელიც მთლიანად ამოწურულია) შეიძლება ჩემპიონატების გაგრძელება, რადგან კავშირის საშეჯიბრო განყოფილება, ასევე გამგეობა და ყველა პასუხისმგებელი პირი, ვერანაირ გადაწყვეტილებას იღებს, უფრო მეტიც კავშირის ოფისი ცარიელია, ბოლო 3 თვის განმავლობაში.


იქმნება კლუბების საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც ჩაერთო ყველა კლუბის წამომადგენელი გარდა სარაგბო კლუბ „ლელოსი“.
ეს ჯგუფი რომელიც წარმოდგენილია რამდენიმე ადამიანით (დაახლოებით 10) სრულ კოორდინაციაშია 32 დან 31 კლუბთან და მათთან შეთანხმებით ახდენს გეგმის შემუშავებას, რისი საშუალებითაც რაგბის კრიზისიდან გამოყვანა უნდა მოხდეს.
2020 წლის ივლისი
როგორც აღმოჩნდა რაგბის კავშირს დაგროვილი აქვს 6 მილიონამდე ვალი, რაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს კრიზისს.
საინიციატივო ჯგუფის გარდა არავინ მუშაობს ქართული რაგბის კეთილდღეობისთვის. ჯგუფი ცდილობს ამ პრობლემების ირგვლივ გააერთიანოს მთელი რაგბის სამყარო,მიუხედავად მათი შეხედულებებისა და დაპირისპირებისა ერთმანეთისადმი.
ხდება შეთავაზება იმდროინდელ საპრეზიდენტო კანდიდატებზე, რომ გვერდზე გადადონ თავიანთი პირადი ამბიციები და ქართული რაგბის გადარჩენისთვის გაერთიანდნენ.
ამ შეთავაზებას თანხმდება 2 კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე, რომლებიც დახმარებას გვიწევენ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. მესამე კანდიდატი ბაჩო ხურციძე უარს ამბობს კლუბების დახმარებაზე და საერთოდ არცერთ შეხვედრაში არ იღებს მონაწილეობას, ისევე როგორც კლუბი „ლელო“.
იწყება შეხვედრები სპორტის სამინისტროსთან როგორც ფინანსური დახმარების გაწევასთან, ასევე ჩემპიონატების სხვადასხვა ფორმატით გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამავდროულად შიგნით ვაწყდებით ძალიან დიდ წინააღმდეგობას, რადგან პასუხისმგებლობის აღება ამ კრიზისზე არ სურს არავის, თუმცა საბოლოოდ გოჩა სვანიძე პოსტს ტოვებს და მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება გია გორგასლიძე .
მისი 1 კვირიანი მოღვაწეობის მანძილზე ისევ გრძელდება ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ის ცდილობს ამ პრობლემების მოგვარებას არა საერთო ძალებით, არამედ კლუბ „ლელოსთან“ ასოცირებული პიროვნების (სოსო ტყემალაძის) დახმარებით, რაც რა თქმა უნდა გაგრძელებაა იმ ტყუილებისა, რომელმაც კრიზისამდე მიიყვანა მთლიანად რაგბი. გორგასლიძე მალევე გადადგება, რადგან ის არ იყო კომპეტენტური და არც შესწევდა იმის ძალა, რომ კრიზისი მარტოს მოეგვარებინა ლელოელების დახმარებით .
2020 წლის აგვისტო
მიუხედავად დიდი შიდა წინააღმდეგობისა, იგივე იმ დროინდელი კავშირის მესვეურებისა და ასევე ზემოთხსენებულ კლუბ „ლელოსთან“ ასოცირებული პიროვნებებისა, მაინც ხერხდება სრულ კოლაფსში შეყვანილი, საქართველოში , ყველასთვის საყვარელი სპორტის სახეობის ფეხზე დაყენება, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის საინიციატივო ჯგუფს, რომელიც თვეების მანძილზე მუშაობდა და მართავდა შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან.
საბოლოოდ ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ 31 კლუბის მოთხოვნის საფუძველზე, ჯგუფის წევრები ხვდებიან საქართველოს პრემიერ მინისტრს და მისი ჩართულობით კრიზისის აღმოფხვრა იწყება. იწყება ვარჯიშები, გრძელდება ჩემპიონატები, გრძელდება სხვადასხვა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების მომზადება და რაგბი ცოცხლდება.
ეროვნულ ნაკრებს იწვევენ 8 ერზე, ისევ სახელმწიფოს და პრემიერის ჩართულობით.

1) თითქმის 2-ჯერ გაიზარდა წლიური საბაზისო დაფინანსება კლუბებისთვის და დაანონსდა ყოველწლიური ზრდა;
2)ჩემპიონატი არის 12 გუნდიანი ერთი წლით და მეტნაკლებად არცერთი გუნდი არ იჩაგრება პანდემიის გამო;
3) გაიხსნა ტრანსფერები და დაიწყო ვარჯიშები. როგორც იქნა დასრულდა 6 თვიანი უძრაობა;
4)მოიხსნა საშეჯიბრო და სალიცენზიო გადასახადები კლუბებისთვის ყველა ლიგაში, ერთი წლის განმავლობაში;
5) დიდ 10-ში და პირველ ლიგაში, ყველა თამაშზე იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა;
6) ყველა კლუბს გადაუვადდა კრედიტები 6 თვით (სურვილისამებრ);
7) რაგბის კავშირის პრობლემების და ვალების მოგვარებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, უნდა გაუწიოს დახმარება;
8) განახლდა ბავშვთა რაგბი და ასაკობრივი ლიგები;
9) დაიწყო რაგბის განვითარების პროექტზე მუშაობა, რომელიც იქნება 5-წლიანი;
10). მოხდა რეგიონულ ლიგაში მინიმალური ფინანსების გამოყოფა, რომელიც ისტორიაში არ მომხდარა;
11). დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების საწევროები მერიამ დაფაროს;




კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრები უნდა ყოფილიყვნენ ჩართული ყველა პრობლემის მოგვარებაში და მიეღოთ მონაწილეობა რაგბის კავშირის ფუნქციონირებაში, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა და არ მოგვეცა საშუალება სრულყოფილად ჩავრთულიყავით!

ამ დროის განმავლობაში: გვესროლეს და დაგვჭრეს, ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენთვის ხელის შეშლას, იწვევდნენ განხეთქილებას, გვივრცელებდნენ ჭორებს. იბრალებდნენ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს და ყოველმხრივ ცდილობდნენ, რომ ჩვენ დესტრუქციულ ძალად გამოვეჩინეთ. საინიციატივო ჯგუფის წინააღმდმეგი იყო: ლევან მაისაშვილი, ბათუ კევლიშვილი, ბაჩო ხურციძე, ნიაზ მამრიკიშვილი და ის ხალხი, ვინც 2 დღის წინ პრესკონფერენცია გამართა და თავის თავზე დაიბრალა, რომ რაგბი თითქოს მათ გამოიყვანეს კრიზისიდან.

2020 წლის სექტემბერი
ბაჩო ხურციძე: ის და ნიაზ მამრიკიშვილი ამ ყველაფრის შემდეგ, მიდიან კლუბებთან და მოტყუებით ცდილობენ ხელი მოაწერინონ საინიციატივო ჯგუფის დაშლასთან დაკავშირებით.

ნიაზ მამრიკიშვილი: საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელმაც თავი ვერ გაართვა თავის მოვალეობას ჩემპიონატის გაგრძელებასთან დაკავშრებით (ცოტა ხნით სამსახურიდანაც იყო წასული ამის გამო) დღეს იტყუება, რომ ის საინიციატივო ჯგუფის წევრია და რაგბი ფეხზე მან წამოაყენა, სინამდვილეში ის არასდროს ყოფილა ამ ჯგუფში და ზუსტად მაგიტომ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომ მან და კავშირის სხვა თანამშრომლებმა თავი ვერ გაართვეს კრიზისს.

რეზიუმე :
საინიციატივო ჯგუფმა თვითონ შეაჩერა მუშაობა იმის გამო, რომ ისევ კლუბებს შორის არ მომხდარიყო განხეთქილება;
„ლელომ“ საინიციატივო ჯგუფის მიერ მოპოვებული დაფინანსება და გაორმაგებული ბიუჯეტი სიხარულით აიღო;
ნიაზმა სიხარულით დაიბრალა ამ ჯგუფის წევრობა;
ბაჩო ხურციძეს საერთოდ არ ახსოვს კრიზისის დროს რომ შემოგვითვალა „მე არავინ არ ვარ გვერდში როგორ დაგიდგეთო“. ახლა კი რაგბის გადამრჩენელად გვევლინება;
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი პიროვნებები ჩვენი მოწინააღმდეგეები იყვნენ ყოველთვის, ისინი სულ პირად ინტერესებზე და მხოლოდ 2 კლუბზე ზრუნავდნენ, ქართული რაგბის განვითარება მათ ინტერესებში არ შედის. - წერია განცხადებაში.


ასევე, იხილეთ ვიდეო