ავტორი: ტატო ნიკურაძე

შრომას და მონდომებას ყოველთვის მოაქვს შედეგი

შრომას და მონდომებას  ყოველთვის მოაქვს შედეგი
13-01-2021, 16:08
 
   

დაუღალავ შრომას, მონდომებას და მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ამის დასტურია ტატო გრიგალაშვილი. შარშან ამ ბიჭის შესახებ, ბევრი არაფერი ვიცოდით და ამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ლუკა მაისურაძე გახლდათ, რომელმაც სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ 2020 წლის ბოლოსკენ ტატომ ყველა გაგვაკვირვა. ჯერ, 23-წლამდელთა შორის გახდა ევროპის ჩემპიონი, ერთ თვეში კი, უფროსებშიც შეძლო ევროპის დაპყრობა. მსოფლიო ძიუდოს ფედერაციამ ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი წლის აღმოჩენად დაასახელა.

ტატომ 2021 წელიც ბრწყინვალედ დაიწყო. ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მასტერსზე, იგი გრიგალივით მოქმედებდა ტატამზე და "ერთი ამოსუნთქვით" მოიგო ტურნირი. გრიგალაშვილმა აღნიშნულ ტურნირზე, ერთმანეთის მიყოლებით: ატილა უნგვარი; ანტონიო ესპოსიტო, ალენ ხუბეცოვი; სვუნგჰო ლი და ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და საქართველოს 2021 წელს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ ბრძოლაში იგრძნობოდა, რომ ტატო მხოლოდ მოსაგებად იყო ტატამზე გამოსული და "ნამდვილი არსენასავით" იბრძოდა.

საბოლოოდ, იმის თქმა შეგვიძლია, რომ ქართულ ძიუდოს ტატო გრიგალაშვილის სახით დიდი ვარსკვლავი ეზრდება , რომელიც
მალე უფრო დიდ სიტყვას იტყვის.