ავტორი: ლევან ქობალია

დინო ჰამზიჩი: შეიძლება ერთ დღეს უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდში აღმოვჩნდე

დინო ჰამზიჩი: შეიძლება ერთ დღეს უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდში აღმოვჩნდე
30-01-2020, 20:18
 
   

როგორც მოგეხსენებათ, საჩხერის ჩიხურა სეზონის წინ მოსამზადებელ პერიოდს დაბა ბელეკში გაივლის, გუნდი უკვე თურქეთშია და სამწვრთნელო პროცესიც განაახლეს. ჩვენი საიტი გუნდის ერთადერთ ლეგიონერსა და ლიდერს დინო ჰამზიჩს დაუკავშირდა და ვრვცელი ინტერვიუც ჩაწერა.

- თავდაპირველად, თურქულ შეკრებაზე გკითხავთ, როგორ ემზადებით მომავალი სეზონისთვის და რა არის გუნდის მიზნები მომავალ წელს?

- თურქეთში 2 დღის წინ ჩამოვედით და აქ შესანიშნავი პირობებია, რათა მომავალი სეზონისთვის მოვემზადოთ. რაც შეეხება მიზნებს, ის არც წელსაა განსხვავებული, ჩვენ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა კლუბს ახალი გამოცდილი მოთამაშეები შეემატნენ.

- უკვე რამდენიმე წელია, რაც ეროვნულ ლიგაში გადმობარგდი და მას შემდეგ საკმაოდ სტაბილურად ასპარეზობ საჩხერელთა რიგებში, რას იტყვი ჩვენს ჩემპიონატზე, როგორ ვითარდება ის?

- ბედნიერი ვარ, რომ საჩხერის ჩიხურაში დიდი ხანია რაც ვასპარეზობ, ჩვენ ერთად ბევრი ისტორიული მომენტი შევქმენით. ეროვნული ლიგა საკმაოდ დაძაბული ჩემპიონატია, რადგან თანაბარი სიძლიერის გუნდები ასპარეზობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ის ნელ-ნელა კიდევ უფრო ვითარდება. თავდაპირველად საკმაოდ მიჭირდა საქართველოსთან შეგუება და აქ თამაში, თუმცა ახლა ის ისევე მიყვარს, როგორც ჩემი ქვეყანა, აქ უამრავი მეგობარი მყავს, დროთა განმავლობაში ვისწავლე ქართული ენაც და ახლა ყველაფერი იდეალურადაა.

- დავიწყოთ თავიდან, კარიერის უდიდესი ნაწილი ბოსნიაში გაატარე, როგორ აღმოჩნდი საქართველოში?

- 2016 წელს ზამთრის შესვენების შემდეგ უგუნდოდ დავრჩი, ერთ-ერთი ქართველი აგენტი დამიკავშირდა და ჩიხურაზე მიამბო, გავიფიქრე - ვცდი, და აი უკვე სამი წელია, რაც აქ ვარ.

- ამ პერიოდში ხშირად იწერებოდა, რომ კლუბის გამოცვლას აპირებდი, მაგრამ ამ მომენტში საჩხერელთა უცვლელი წევრი ხარ და როგორც ვიცით ერთ-ერთ შეხვედრაში გუნდსაც უკაპიტნე, რატომ საჩხერის ჩიხურა?

- იყო რამდენიმე რეალური შემოთავაზება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩიხურაში როგორც მეკარე თავს კარგად ვგრძნობ, მინდა რომ გუნდს ისევე დავეხმარო, როგორც ამას 3 წლის განმავლობაში ვაკეთებდი.

- ამბობდნენ, რომ თბილისის დინამოს შენი დამატება სურდა და თავად რომან ფიფიამაც დაგირეკა

- დინამოს მხრიდან დაინტერესება მართლაც იყო, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩიხურასთან ერთად ჩემპიონობა ვიზეომო. რა თქმა უნდა, დინამო ძალიან კარგი გუნდია, არ ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენზე უკეთესები არიან, თუმცა მათთან გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა. ჩემი აზრით, თუ ჩვენ გუნდს და სოსო ფრუიძეს ისეთივე პირობები ექნება, როგორიც დინამოს აქვს, ჩვენ ყოველ წელს ჩემპიონები ვიქნებით.

- დინო შენ იმ შეხვედრის გმირი იყავი, სადაც საჩხერლებმა ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვეს, რას გრძნობ, როცა იმ მატჩს იხსენებ?

- როგორც მოგეხსენებათ ეროვნული ლიგის გარდამავალ გათამაშებაში ჩვენ სამტრედიასთან ორ მატჩიან დაპირისპირებაში დავმარცხდით, მაშინ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, ღმერთს ვთხოვდი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო. ძალიან ბევრს ვმუშაობდით, რათა შემდეგი შანსი არ გაგვეშვა ხელიდან, საბოლოოდ ყველამ ვირწმუნეთ ჩვენი ძალების და მიზანს მივაღწიეთ. ის დღე კი ერთ-ერთი განსაკუთრებულია ჩემთვის.

- ყველასთვის ცნობილია, რომ საჩხერის ჩიხურის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სოსო ფრუიძეა, რას იტყვი, როგორია მასთან მუშაობა?

- ის პირველ რიგში არის კარგი ადამიანი და შემდეგ ძალიან ჭკვიანი და ძლიერი მწვრთნელი. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, მე მას დიდ პატივს ცვემ. რაც შეეხება ჩიხურის წარმატების მიზეზს ბოლო წლებში, რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სოსო ფრუიძეა თავის სტაფთან ერთად, ისინი მართლაც დიდ სამუშაოს წევენ გუნდისთვის.

- გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება კარიერა საჩხერის ჩიხურაში დაასრულო?

- სიმართლე გითხრათ, არა, რადგან ვთვლი, რომ შეიძლება ერთ დღეს უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდში აღმოვჩნდე. თავს ისევ ახალგაზრდულად ვგრძნობ, ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას, რათა უფრო მაღალ დონეზე ვიასპარეზო. კარიერის დასრულება ჯერ შორსაა, მინდა 40 წლამდე ვითამაშო.

- ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრები კარგ შედეგს აჩვენებს და ერთა ლიგაზე პირველი ადგილიც დავიკავეთჯგუფში, ადევნებ თუ არა თვალს ჩვენი ნაკრების თამაშს?

- ეს ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები ირიცხებიან. რა თქმა უნდა, ვადევნებ ნაკრების თამაშებს თვალს და მათი წარმატებით ძალიან გახარებული ვიყავი.

    Italian Trulli
Image