ავტორი: ლევან ვარდოსანიძე

იუვემ ჯენოა ეფექტური გოლებით დაამარცხა

იუვემ ჯენოა ეფექტური გოლებით დაამარცხა
1-07-2020, 02:14
 
   

დღეს, 30 ივნისს ტურინის იუვენტუსი იტალიის სერია ა-ს 29-ე ტურის ეგიდით ჯენოას ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო.

მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო, თუმცა რეალური საგოლე მომენტის შექმნა ორივე გუნდისთვის რთული ამოცანა აღმოჩნდა, ტურინელთა უდიდესი უპირატესობა გატანილ გოლში არ გარდაისახა და გუნდებიც მეორე ტაიმს ნულოვანი ფრით შეხვდნენ.

დასკვნითი ნახევარი კი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, „ბიანკონერი“ საქმეს კიდევ უფრო სერიოზულად მიუდგა და 50-ე წუთზე პაოლო დიბალას ბრწყინვალე გოლით წინაც გავიდა.

გატანილი გოლის მიუხედავად "იუვე" თამაშის სცენარს არ ცვლიდა, არგენტინელის გოლიდან შვიდი წუთის შემდეგ კი ამჯერად კრიშტიანუ რონალდუმ აიღო შორეული დარტყმით პერინის კარი - 0:2.

მოგვიანებით სარიმ თამაშში ბრაზილიელი ვინგერი, დუგლას კოშტა ჩართო, რომელიც 73-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლის ავტორი გახდა. ამ ეპიზოდში გამარჯვებულის ვინაობა კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებდა.

ერთადერთი, რაც ჯენოამ მთელი 90 წუთის განმავლობაში შეძლო პრესტიჟის გოლი გახლდათ, 76-ე წუთზე ანდრეა პინამონტიმ ტურინალთა მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა და სხვაობა შეამცირა.

დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და იუვენტუსმა უმნიშვნელოვანეს სამი ქულა აიღო. სხვაობა უახლოეს მდევარ ლაციოსთან უცვლელია - 4 ქულა.