ავტორი: ტატო ნიკურაძე

ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ასეთ გუნდთან მარტო ბრძოლა არაა საკმარისი

ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ასეთ გუნდთან მარტო ბრძოლა არაა საკმარისი
4-09-2020, 22:55
 
   

საქართველო (U21) - საფრანგეთი (U21) 0:2
გორი.თენგიზ ბურჯანაძე

გოლი: ბერიაშვილი (37 ს.კ)ედუარდი (90 პ)

გაფრთხილება: ტაბატაძე (22) სომარე (89) გუგეშაშვილი (90)


საქართველო: გუგეშაშვილი, ტაბატაძე, ბერიაშვილი (ქაფიანიძე 75), ასათიანი, ანდრონიკაშვილი, სამურკასოვი (62.მექვაბიშვილი), დარცმელია, კუცია (87.კუხიანიძე), სპანდერაშვილ (ბუღრიძე 75) , აზაროვი, არდაზიშვილი (გულიაშვილი 62).

საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კოუნდი, კამარა, მოასა, რენე ადელაიდე (დინა 27), გენდუზი, საქერე, ნორდინი(72.სუმარე), დიაბი (72ედუარდი), გიური (72.მბეუმო).


საქართველოს 21-წლამდელ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვასილ მაისურაძის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. Covid 19-ის პრევენციის მიზნით, ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით სექტემბერში ყველა სანაკრები მატჩი უმაყურებლოდ იმართება.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა აღნიშნული შეხვედრა სერიოზული საკადრო პრობლემებით ჩაატარა. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს: გიორგი არაბიძე, ვატო არველაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკოლოზ მალი, გიორგი ქოჩორაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი ვერ ეხმარებოდნენ.

მატჩი, რა გასაკვირია, საფრანგეთის ნაკრების უპირატესობით დაიწყო და საწყის წუთებში ფრანგებმა ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს შტურმი მოუწყვეს, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები დაცვაში კარგად მოქმედებდნენ და ეს შტურმიც მოვიგერიეთ. პირველი რეალური საგოლე მომენტი ფრანგებს ჰქონდათ. რენე ადელაიდის დარტყმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ძელმა იხსნა. დიაბის თავური დარტყმის შემდეგ კი, ჩვენი გუნდი ლუკა გუგეშაშვილმა გადაარჩინა. მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა. ჯერ დავით სამურკასოვის დარტყმა აცდა მიზანს. შემდეგ კი, იური ტაბატაძის მოულოდნელი დარტყმა ძელს მოხვდა.

თითქოს თამაში გავათანაბრეთ, მაგრამ ისევ სერიოზული შეცდომა დაცვაში და საქართველოს ნაკრების კარში მორიგი კურიოზული გოლი ვიხილეთ. გენდუზის ჩაწოდების შემდეგ, ილია ბერიაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ნახევარში საფრანგეთის ნაკრებმა ბურთი დაიჭირა და საქართველოს ნაკრებს თავისი თამაში მოახვია თავს. „ჯვაროსნებმა" მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩის წაგების შემთხვევაში ჯგუფში ყველანაირ შანსს კარგავდნენ და დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, ვერაფერი შექმნეს. ვასილ მაისურაძის გუნდს მეორე ტაიმში ერთი გააზრებული შეტევაც არ ჰქონია.
მატჩის მიწურულს კი ფრანგებმაც პენალტიც გაგვიტანეს და მატჩის მოიგეს.

საბოლოოდ, 0:2 საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იბრძოლა, მაგრამ ასეთ ძლიერ გუნდებთან მხოლოდ ბრძოლით და თავდადებით წარმატებას ვერ მიაღწევ. ამისთვის, შეტევაც საჭიროა.

ყველაზე მეტად, დღეს ვინც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან უნდა გამოვარჩიოთ ჩვენი გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილია. ახალგაზრდა მეკარე მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო და ორჯერ ჩვენი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „გუგეშამ" დღევანდელ მატჩში ორი „მკვდარი ბურთი" აიღო, მაგრამ მაინც დავმარცხდით.


ფოტო: 1tv.ge