ავტორი: ტატო ნიკურაძე

ლუკა გუგეშაშვილის ბრწყინვალე მატჩი თელავთან და მოპოვებული ქულა

ლუკა გუგეშაშვილის ბრწყინვალე მატჩი თელავთან და მოპოვებული ქულა
13-09-2020, 20:52
 
   

ზედიზედ, მეორე უგოლო ფრე Crystalbet ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე ადგილობრივი გორის დილა საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა და 0:0 დასჯერდა. მიუხედავად, უგოლო მატჩისა, საბურთალო-მერანისგან განსხვავებით, ეს მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ორივე კართან საკმაოდ სახიფათო მომენტებიც შეიქმნა. გორელები კომბინაციური ფეხბურთით ცდილობდნენ თამაშს. რევაზ გოცირიძის შეგირდები კი, ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდნენ.

პირველი მომენტი დილას ჰქონდა. ნიკოლოზ გაგნიძის შორეული დარტყმა თელაველთა 17 წლის მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია, რომელიც თელაველთა რიგებში დღეს სადებიუტო მატჩს ატარებდა. მალევე, მან მიკოლა კოვტალიუკის თავური დარტყმაც მოიგერია.

თელაველთა კონტრშეტევები გაცილებით მწვავე იყო. ირაკლი რუხაძე სამჯერ აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ სამივე შემთხვევაში ლუკა გუგეშაშვილმა გამოავლინა მაღალი ოსტატობა და დილა აშკარა გოლისგან იხსნა. უნდა ვთქვათ, რომ ლუკა გუგეშაშვილმა დღევანდელი მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. მატჩის მიწურულს კი, მან გრიგოლ ჩაბრაძის შორეული დარტყმა აკრობატულ ნახტომში „ცხრიანიდან ჩამოხსნა" ბურთი.

საბოლოოდ, უგოლო ფრე და გორის დილამ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.


ფოტო: Google