ავტორი: ტატო ნიკურაძე

ტორპედომ „მუდამ მზიანი" სამტრედია დაამწუხრა

ტორპედომ „მუდამ მზიანი" სამტრედია დაამწუხრა
13-09-2020, 23:20
 
   

„ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო" ქუთაისის ტორპედოს პირველი საშინაო გამარჯვება მიმდინარე სეზონში. ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ სამტრედიას უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ჩანდა, რომ ორივე გუნდი მოსაგებად იყო გამოსული მოედანზე.

საწყის წუთებში სამტრედიელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ მეოცე წუთის შემდეგ ქუთაისელებმა ბურთზე კონტროლი დაააწესეს და მატჩი მათი სცენარით მიდიოდა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი კი, ისეთი გამოვიდა, როგორიც ნამდვილ იმერულ დერბის ეკადრება. გოლები, სახიფათო მომენტები, დაძაბულობა. ანგარიში 49-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი ფანცულაიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად ოლეგ მამასახლისმა შეასრულა. ნიჯატ ყურბანოვმა პენალტით მალევე გაათანაბრა, მაგრამ შეხვედრის 69-ე წუთზე გიორგი ფანცულაიას არაჩვეულებრივი სოლორეიდის შემდეგ, ზაზა ციცქიშვილმა გახვრიტა სტეფან სიკაჩის კარი.

მატჩის ბოლო წამებზე ყურბანოვს შეეძლო თამაშის გადარჩენა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ, ტორპედო ხარიხამ იხსნა.

საბოლოოდ, 2:1 და ქუთაისის ტორპედომ პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა. სამტრედიამ კი, მიმდინარე სეზონში მეექვსე მარცხი იგემა.