ავტორი: ტატო ნიკურაძე

თამაზ მჭედლიძე: ფიჯისთან დაღლილობამ იჩინა თავი

თამაზ მჭედლიძე: ფიჯისთან დაღლილობამ იჩინა თავი
17-01-2021, 00:50
 
   

ქართულ რაგბიში, უკვე ათი თვეა რთული ვითარებაა. ჯერ არჩევნები ჩაიშალა(ქვორუმის არ არსებობა) შემდეგ, პანდემიამ სერიოზული ფინანსური პრობლემები შექმნა. 2020 წლის 30 დეკემბერს საარჩევნო ყრილობა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე გახდა, მაგრამ საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა, მიზეზად კი, პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის ლაშა(ბაჩო) ხურციძის განცხადება დაასახელა, რომელშიც ხურციძე არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს.

ამ დაძაბულობის ფონზე კი, „ბორჯღალოსნებმა" შემოდგომის ერთა თასზე იასპარეზეს. ქართული რაგბის დიდი ხნის ოცნება, რომ ჩვენს ნაკრებს ტიერ 1-ის გუნდებთან თამაშის საშუალება მიცემოდათ რეალობად იქცა. სამწუხაროდ, ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ოთხივე შეხვედრაში დამარცხდა, მაგრამ ჩვენი ნაკრების შესრულებით ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ვიხილეთ. გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე ლელო ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, ტურნირის საუკეთესო ლელოდ დასახელდა. თავად, კვესელაძე კი, ტურნირის დასრულების შემდეგ, ინგლისურ გლოსთერს შეუერთდა.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ფრანაგული რუენის მორაგბე თამაზ მჭედლიძე გახლდათ. Blogsport.ge თამაზს საფრანგეთში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.


- თამაზ, 2020 წელი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდისთვის და ზოგადად ქართული რაგბისთვის გამოწვევებით სავსე წელი იყო. საქართველომ შემოდგომის ერთა თასზე იასპარეზა. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ტურნირზე ჩვენი ნაკრების გამოსვლას?

- ასეთ ტურნირზე ასპარეზობა საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან აქამდე მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, ტიერ 1-ის გუნდებთან ინტენსიურად თამაშების ჩატარების საშუალება არ გვქონდა. სამწუხაროდ, ყველა მატჩი წავაგეთ, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით და მთელ რიგ კომპონენტებს ვაუმჯობესებდით. ეს ტურნირი ჩვენს გუნდს დიდ გამოცდილებას მისცემს და სამომავლო პერსპექტივაში ეს ნაკრებზე და ზოგადად ქართულ რაგბიზე დადებითად აისახება.

-თამაზ, ტურნირის პირველი მატჩები (ინგლისი და უელსი) საერთოდ უქულოდ დავამთავრეთ. ასეთი დიდი სხვაობაა ჩვენს გუნდებს შორის, რომ მათთან ქულაც ვერ გავაკეთეთ?

- ინგლისი და უელსი მსოფლიოს უძლიერესი გუნდები არიან, რომლებიც რა თქმა უნდა კლასით ჩვენზე გაცილებით მაღლა დგანან. სამწუხაროა მათთან თამაში, რომ უქულოდ დავამთავრეთ, მაგრამ ამ მატჩებშიც გვქონდა კარგი ეპიზოდები, თუმცა გამოცდილება დაგვაკლდა. დარწმუნებული ვარ, ახლა, რომ შევხვდეთ ამ გუნდებს უკეთესი ხარისხის რაგბის ვაჩვენებთ.

- ირლანდიასთან კარგი თამაშის შემდეგ, ყველას გვქონდა დიდი იმედი კორონაგამოვლილ და დიდი ხნის უთამაშებელ ფიჯის მოვუგებდით, მაგრამ ლამის ყველა კომპონენტში დაგვჯაბნეს. ამ მატჩზე რა იტყვით?

- ფიჯისთან მატჩამდე სამი ძალიან რთული ბრძოლა გადავიტანეთ. თან სამივე თამაშში, ძირითადად დაცვაში თამაში გვიწევდა, რაც დამატებით ენერგიას მოითხოვს და ბოლო მატჩისთვის ძალა აღარ გვეყო. ფიჯელები კი, დასვენებულები იყვნენ. საწყის წუთებში უპატიებელი შეცდომები დავუშვით და მათმა უძლიერესმა უკანა ხაზმა დაგვჯაბნა. ბოლოსკენ, უკეთ ავთამაშდით, მაგრამ თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ შევძელით.

- როგორც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული მორაგბე, როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად, რას მისცემს ამ ტურნირზე ასპარეზობა ქართულ რაგბის?


- ეს ტურნირი ქართულ რაგბის მისცემს გამოცდილებას და იმ ახლგაზრდა ბიჭებს, რომლებიც ნაკრებში თავს იმკვიდრებენ განუმტკიცებს ძლიერ გუნდებთან თამაშს და გამარჯვებულის მენტალიტეტს. ახლა, ჩვენი ნაკრები ისეთ ეტაპზეა, ამ ეტაპიდან წინსვლა ძალიან რთული და დროში გაწელილია, უბრალოდ სწორი მუშაობაა საჭირო და ყველაფერი მოვა.

- ბოლოს, თქვენს საკლუბო კარიერაზე რას გვეტყვით?

- ჩემს საკლუბო კარიერას რაც შეეხება, ამჟამად ფრანგული პრო დ2-ის კლუბ რუენში ვთამაშობ და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით. არაა გამორიცხული სეზონის ბოლოს კლუბი დავტოვო და სხვაგან განვაგრძო კარიერა.


ფოტოს ავტორი: ლევან ვერძეული