ავტორი: აჩი ფევაძე

დილამ დინამოს წრე და საღამო ჩაუმწარა

დილამ დინამოს წრე და საღამო ჩაუმწარა
17-04-2021, 09:38
 
   

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დასრულდა, სადაც გორის დილამ ბათუმის დინამო 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და 23-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ირაკლი ბუღრიძეს პასის შემდეგ შეტევა გოლით დაასრულა და ქართლური გუნდი დაწინაურდა.

გაშვებული გოლის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა მცირე უპირატესობა კი მოიპოვა, მაგრამ ზღვისპირელები ლუკა გუგეშაშვილის შეწუხებას ვერ ახერხებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ბათუმელთა უპირატესობა მოჩვენებითი იყო და ისე ჩანდა, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდი მოედანზე უფრო კონკრეტული გეგმით იყო გასული.

ეს საბოლოოდ შედეგზეც აისახა: შეხვედრის მიწურულს ნიკა გაგნიძემ ძლიერი დარტყმით ლამაზი გოლი გაუტანა ლაზარე კუპატაძეს და გორელთა გამარჯვებას წერტილი დაუსვა.

მართალია, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ვლადიმერ მამუჩაშვილმა თერთმეტრიანი ზუსტად შეასრულა, მაგრამ ეს მხოლოდ მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად გააკეთა.

დილას ამ გამარჯვების შემდეგ 17 ქულა დაუგროვდა და ქულით ჩამორჩება მე-2 ადგილზე მყოფ დღევანდელ მეტოქეს. სატურნირო ცხრილს კი, სათავეში თბილისის დინამო უდგას, რომელიც უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს.

მომდევნო ტური 24 აპრილს გაიმართება. მანამდე გუნდებს სათასო შეხვედრები ელოდებათ, რომელიც 21 აპრილითაა დათარიღებული.