ავტორი: აჩი ფევაძე

''დილას'' დაკარგული ქულები და შედეგიანი ფრე გორში

''დილას'' დაკარგული ქულები და შედეგიანი ფრე გორში
28-04-2021, 10:06
 
   

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მორიგი შეხვედრა, სადაც გორის დილამ შინ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიოზე, ვერ მოახერხა სამტრედიას დამარცხება და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა "მცველებმა’’ აქტიურად დაიწყეს, თუმცა სწრაფი გოლის გატანა ვერ შეძლეს. მატჩის 36-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ კედელი ქუსლით ბიძინაშვილთან გაითამაშა, ამ უკანასკნელის პასი კი წინ ხელსაყრელ მდგომარეობაში ნიკა გაგნიძეს მიუვიდა და 22 წლის ნახევარმცველმა ანგარიში გახსნა. ტაიმის ბოლოს სამტრედიამ მცირე უპირატესობა მოიპოვა, თუმცა საბოლოოდ პირველი ნახევარი ანდრეი დემჩენკოს გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო, მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში სამტრედიამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, სტანდარტული მდგომარეობიდან გივი იოსელიანის ჩაწოდებას 19 წლის ცენტრალური მცველი ზურაბ ერაძე გამოეხმაურა და წონასწორობა აღადგინა, აღსანიშნავია გოლის დროს მცველების უყურადღებო თამაში. გაშვებული ბურთის შემდეგ გორელებს ჰქონდათ არა ერთი მომენტი მაგრამ გატანა ვერ მოახერხეს, რაშიც "დამნაშავე" დიდწილად სტუმართა 30-ე ნომერი ბექა ქურდაძე იყო, რომელმაც დიდებული მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, მატჩის შემდეგ "დილა" კვლავ მე-3 პოზიციაზე რჩება 19 ქულით, გიორგი ცეცაძის გუნდი კი კვლავ გასავარდნ ზონაში მე-8 ადგილზე იმყოფება, ხოლო მე-7 ადგილზე მყოფ წყალტუბოს სამგურალთან ჩამორჩენა 4 ქულას შეადგენს. შემდეგ ტურში გორის დილა ლოკომოტივს სტუმრად დაუპირისპირდება, მატჩი 6 მაისს არის ჩანიშნული, სამტრედია კი 7-ში შინ ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს.