ავტორი: აჩი ფევაძე

“ელ ტრაფიკოს” მოლოდინში მყოფი ამერიკა და არა მხოლოდ

“ელ ტრაფიკოს” მოლოდინში მყოფი ამერიკა და არა მხოლოდ
8-05-2021, 06:00
 
   

MLS-ის მე-4 ტურის ცენტრალური შეხვედრა “Dignity Health Sports Park-ზე’’ შედგება მოკრძალებულ ქალაქ კარსონში, ლოს-ანჯელესის სამხრეთით. მე-11 ამერიკული “ელ ტრაფიკო’’ კვირას ღამით 04:00 საათზე დაიწყება. მატჩს 46 წლის არბიტრი ალენ ჩეპმენი განსჯის.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა “ჩიჩარიტოსა’’ და კარლოს ველას დაპირისპირებაა, კარლოს ველას, რომელიც “ელ ტრაფიკოს’’ საუკეთესო გამტანია 10 გოლით. ლოს-ანჯელესის 32 წლის ათიანი სეზონის სტარტზე პირველ ტურში ოსტინთან გამართულ შეხვედრაში დაიმტვრა, თუმცა ბობ ბრედლი გუნდის მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ კვირას გასამართი მატჩისთვის მექსიკელი შეძლებს გუნდის დახმარებას.

ვრცელდება “ჩიჩარიტოს’’ კომენტარი კარლოს ველაზე, რომელსაც Latimes აქვეყნებს. როგორც ცნობილია მათ ბავშვობა ერთად გაატარეს და ასევე ჰქონდათ იმის ბედნიერება, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული გუნდის მაისურით ერთმანეთის მხარდამხარ ეთამაშათ. “მე ის ძალიან მიყვარს, ის განსაკუთრებული ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ორი მსოფლიო ჩემპიონატი ვითამაშეთ. მაგრამ როდესაც მე ჩემს გუნდთან ვარ თითქოს არ გიცნობ, შენ მტერი ხარ 90 წუთის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებ სამი ქულისთვის და შემდეგ, როდესაც სასტვენის ხმას გავიგებ, ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს ერთმანეთი, შეგვიძლია გვაერთიანებდეს მეგობრობა.’’

მიმდინარე სეზონში აღსანიშნავია ხავიერ ერნანდესის ბრწყინვალე სათამაშო ფორმა, “ჩიჩარიტომ’’ სამ ტურში 5-ჯერ გაიტანა, ნიუ-იორკ რედ ბულზს კი ჰეთთრიკი შეუსრულა და MLS-ს ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში.

განვლილი სამი ტურის შემდეგ გელექსი ცხრილში მეხუთეა 6 ქულით, ხოლო ლოს-ანჯელესი მეექვსე 5 ქულით.