ავტორი: აჩი ფევაძე

ქობულეთელთა “ქამბექი” და შედეგიანი ფრე სამტრედიაში

ქობულეთელთა “ქამბექი” და შედეგიანი ფრე სამტრედიაში
8-05-2021, 16:52
 
   

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღე სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე დაიწყო. გია ცეცაძის გუნდმა ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა და მატჩი დრამატულ ბრძოლაში ფრედ 2-2 დასრულდა.

სამტრედიელებმა მატჩის დებიუტშივე სწრაფი გოლის გატანა შეძლეს და დაწინაურდნენ, შეხვედრის მე-9 წუთზე ირაკლი რუხაძემ გაბრიელ თებიძის კარის აღება მოახერხა. გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობა “შუქურამ” მოიპოვა, თუმცა ქობულეთლები პოზიციური უპირატესობის სათამაშო უპირატესობაში ასახვას ვერ ახერხებდნენ, საბოლოოდ ტაიმი თითქოს ამ ანგარიშით მიჰყავდათ გუნდებს, მაგრამ პირველი ნახევრის მიწურულს გიორგი ილურიძის ზუსტი პასის შემდეგ ოთარ კობახიძემ სამტრედიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმი რა საკვირველია სტუმართა აქტიურობით დაიწყო, შეხვედრის 54-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. გასულ ტურში დინამო “ბათუმთან” ლევანმა სადებიუტო გოლი გაიტანა დღეს კი კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. საბოლოოდ ინგოროყვა მატჩის გმირად მოევლინა "შუქურას,"შეხვედრის 74-ე წუთზე ბრაზილიელი ლეგიონერის, ჟუნინიოს პასის შემდეგ მან მეორედ შეძლო გოლის გატანა და სამტრედიას უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა. მატჩის დარჩენილ დროში გუნდებს ჰქონდათ მცდელობები, თუმცა მატჩი საბოლოოდ ფრედ 2-2 დასრულდა.

სამტრედია მატჩის შემდეგ ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება 9 ქულით, ხოლო “შუქურა” მეექვსეზეა, ქობულეთლების ანგარიშზე 14 ქულაა. შემდეგ ტურში სამტრედია ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს 12 მაისს, ხოლო “შუქურა” “ლოკომოტივს” ასევე 12 მაისს.