ავტორი: ტატო ნიკურაძე

ნემსაძემ დინამო ტიტულით დაიწყო

ნემსაძემ დინამო ტიტულით დაიწყო
21-02-2021, 21:26
 
   

დღეს, საქართველოში 2021 წლის საფეხბურთო სეზონი დაიწყო. "მიხეილ მესხზე" სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი თბილისის დინამო თასის გამარჯვებულ გაგრას დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა. ეს იყო სუპერთასის საიუბილეო მე-20 გათამაშება და დინამომ თასი მერვედ ჩაიბარა.

დედაქალაქურ გუნდში გასული სეზონის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. გუნდი ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა დატოვა, ვისაც ფეხბურთელები –თორნიკე კაპანაძე, ირაკლი ბუღრიძე, ირაკლი აზაროვი, ნოდარ ქავთარაძე, ვიქტორ პერნამბუკო და აკაკი შულაია მოჰყვნენ. შესაბამისად, ახალ მწვრთნელ გიორგი ნემსაძეს, ფაქტობრივად, ახალი გუნდი აქვს ასაწყობი.

თამაში გაგრას უპირატესობით დაიწყო, რამდენიმე ხიფათიც შექმნეს, რასაც გიორგი ქობულაძის გოლი მოჰყვა. ზოგადად, პირველ ნახევარში გაგა კირკიტაძის გუნდი კარგად გამოიყურებოდა და ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ თამაზ მაქაცარიას რამდენიმე ეპიზოდში საშემსრულებლო ოსტატობა დააკლდა.

მეორე ნახევარში რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთი ვიხილეთ. გიორგი ნემსაძის გუნდი გაცილებით კარგად გამოიყურებოდა და დინამოელებმა მალევე გაათანაბრეს – 47-ე წუთზე თავი ზორან მარუშიჩმა გამოიჩინა. დინამო ამას არ დასჯერდა და 67-ე წუთზე გიორგი გაბედავამ მეორეც გაიტანა.

გაგრა, პირიქით, ვერაფერს ქმნიდა და თითქოს დინამოს მატჩი გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ კიდევ ერთი კარგად გათამაშებული სტანდარტი და ამჯერად როინ კვასხვაძეს ლუკა ნოზაძემ გაუტანა.

საბოლოოდ, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტის თანახმად, პირდაპირ 11-მეტრიანი დარტყმების სერია დაინიშნა. დინამომ ყველა შეაგდო, გაგრელთაგან კი თეიმურაზ მარკოზაშვილმა გააფუჭა – კვასხვაძემ აუღო.

ჩემპიონმა სეზონი ტიტულით დაიწყო...