ავტორი: ტატო ნიკურაძე

ერთადერთი კანდიდატი

ერთადერთი კანდიდატი
22-02-2021, 21:37
 
   

ქართულ სარაგბო ოჯახში არეულობა და გაუგებრობა გრძელდება. 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარებული საარჩევნო ყრილობის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე გახდა, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ დაარეგისტრირა. მიზეზად კი, პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, ლაშა (ბაჩო) ხურციძის საჩივარი გახდა, რომელშიც არჩევნების არალეგიტიმურობაზე მიუთითებდა.

ამასობაში მორიგი, რიგით მესამე საანგარიშო ყრილობა ჩაინიშნა და 24 თებერვალს რაგბის კავშირის ნამდვილი წევრები ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ჯერჯერობით, ერთადერთი კანდიდატი, ბიზნესმენი სოსო ტყემალაძეა დარეგისტრირებული, მანამდე უკვე ცნობილი კანდიდატები, აბუსერიძე და გოჩა სვანაძე პრეზიდენტად არ დარეგისტრირდა.

ტყემალაძეს აქამადე ქართულ რაგბისთან არანაირი კავშირი ჰქონია, რაც ჩვენთან საუბარში თავადაც დაადასტურა. ტყემალაძე ამბობს, რომ რაგბის დეტალებში ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ მას ყავს გუნდი, რომლისაც ეიმედება.

– ბიძინა ივანიშვილი ჩემამდეც იყო ქართულ რაგბიში და ჩემს მერეც იქნება. ამ ადამიანს ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ქართული რაგბის წინაშე და როდესაც ოპონენტები საუბრობენ, რომ მე ივანიშვილის კაცი ვარ და ივანიშვილს სურს ქართულ რაგბიში თავისი გავლენების გამყარება. გაიხსენონ ის ინვესტიციები, რომელიც მთელი ამდენი წლის განმავლობაში ქართულ რაგბიში განახორციელა და მერე ისაუბრონ. სამწუხაროა, როდესაც ჩემი მისამართით გულშემატკივრების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულებაა, რადგან ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანი ვარ. არადა ჩემს სამოქმედო პროგრამაზე, რომლის პრეზენტაციაც დღეს გვქონდა და ფართო სარაგბო წრეებს გავაცანი, არაფერი იციან. ჯერ ამ პროგრამას გაეცნონ და მერე ისაუბრონ.

ჩვენი ოპონენტები ასევე ბევრს საუბრობენ, რომ რამდენიმე პოლიტიკოსის მხრიდან მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლა ხორციელდება და თითქოს მათ აძალებენ მე დამიჭირონ მხარი. ამაზე გვქონდა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ისინი უფრო ემოციურ ნიადაგზე საუბრობენ, ვიდრე ფაქტებით. ამბობენ, რომ მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლა ხორციელდება, მაგრამ კონკრეტულ ფაქტებს ვერ ასახელებენ.

ჩემს საარჩევნო პროგრამას რაც შეეხება, უმთავრესი იქნება ფრანჩიზას შექმნა. ეს იქნება მთავარი გამოწვევა ჩემი მმართველობის დროს და ეს დიდი 10-ის დონეს, რომელიც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია, უფრო აიწევს.

ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის ევროპაში ჩაკეტილი კარის გაღება. თანამშრომლობას ვაპირებ ყველასთან, ვისაც ქართული რაგბი ადარდებს და უყვარს, - ამბობს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი.