ავტორი: ლევან ქობალია

მზადება ლისაბონში

მზადება ლისაბონში
3-03-2021, 22:03
 
   

ბორჯღალოსნები მესამე დღეა ლისაბონში იმყოფებიან და პორტუგალიასთან 6 მარტს გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.

ეს არის 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო შეცვლილ ვადებში ტარდება და მასში პირველ ეტაპზე ხუთი გუნდი ჩაერთვება. მეექვსე მონაწილის ვინაობა 13 ივნისს, ბელგიისა და ჰოლანდიის დაპირისპირების შედეგად გაირკვევა.

წლევანდელი რაგბი ევროპა ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და შესაბამისად, თითოეული მატჩის შედეგს ორმაგი დატვირთვა აქვს.

ლევან მაისაშვილმა 32 ბორჯღალოსანი ლისაბონში ორშაბათს შეკრიბა. პირველი დღე აღდგენას დაეთმო, ორი დღეა კი ინტენსიური ვარჯიშები მიმდინარებს. შეხვედრა საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება.

6 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი სოჭში გაიმართება და რუსეთი რუმინეთს უმასპინძლებს. მოედნის მსაჯი შოთა თევზაძეა და მას კიდიდან საბა აბულაშვილი და მოლდოველი პროკოპი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი თორნიკე გვირჯიშვილია.



სერიის გასაგრძელებლად
აღსანიშნავია, რომ პორტუგალია ერთადერთი გუნდია, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის დავაში ჩაერია და 2003-2004 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. საუკუნის დასაწყისში ის ბორჯღალოსნებისთვის უხერხული მეტოქე იყო, თუმცა 2006 წლიდან ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

„ლობუშთან“ პირველად 1997 წელს ლისაბონში ფირა-აერის თასზე (რაგბი ევროპის ჩემპიონატის წინამორბედი) ვითამაშეთ და მეტოქემ 21:17 იმარჯვა, რასაც ქართველთა სამმატჩიანი მოგებების სერია მოყვა, 2003-2005 წლებში კი, მიჯრით სამი გამარჯვება უკვე პორტუგალიამ იზეიმა. რევანში 2006 წელს შედგა და საქართველომ ლობუში (პორტუგალიის ნაკრების თიკუნი) დღემდე ყველაზე დიდი სხვაობით, 40:0 დაამარცხა.

მას შემდეგ 14 დაპირისპირებიდან 12 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ორ შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა. 2010 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებს მიჯრით 8 გამარჯვება აქვთ, სულ კი მეტოქე 15-ჯერ ყავთ დამარცხებული, ორჯერ ფრე დაფიქსირდა და ოთხჯერ მეტოქემ იმარჯვა – ბოლოს 16 წლის წინ (2005 წელს). აღსანიშნავია, რომ პორტუგალია ლისაბონში მუდამ დიდი მონდომებით იბრძვის და ოთხიდან სამი გამარჯვება სწორედ საკუთარ დედაქალაქში მოიპოვა.

Ragby.ge