ავტორი: ტატო ნიკურაძე

ბასილაშვილმა მძიმე მოგებით დაიწყო

ბასილაშვილმა მძიმე მოგებით დაიწყო
7-04-2021, 21:36
 
   

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოგებით დაიწყო იტალიის ქალაქ კალიარში მიმდინარე სარდინიის ATP250 კატეგორიის ტურნირი. მისი მეტოქე ნაკლებად ცნობილი სლოვაკი ჩოგბურთელი იოზეფ კოვალიკი იყო, რომელიც კვალიფიკაციის გავლით მოხვდა ძირითად ბადეში, იქ კი პირველ წრეში ინდოელი ნაგალის ბარიერი გაიარა. შეხვედრა ზუსტად სამი საათი გაგრძელდა და მეოთხე ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა 4:6, 6:4, 7:5 მოიგო.

ნიკამ თამაში მძიმედ დაიწყო და თავის პირველივე გეიმში დაბრეიქდა. მართალია უკუბრეიქის შესრულება მალევე შეძლო, მაგრამ პირველ სეტში ქართველი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და 4:6 წააგო. მეორე სეტი ნიკას უპირატესობით წარიმართა და ამჯერად მან მოიგო 6:4.

მესამე სეტის ბოლოს კი, ბასილაშვილმა მეტოქის ხუთი მატჩ-პოინტი მოიგერია და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.