ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

თბილისელთა გალაღება მამაქალაქში

თბილისელთა გალაღება მამაქალაქში
11-04-2021, 20:17
 
   

კვირა დღის დასკვნითი პაექრობა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგა, გია ჭიაბრიშვილის დარიგებულმა რკინიგზელებმა ქუთაისელი მეტოქეები 3-1 დაამარცხეს და წარმატებულ სერიას აგრძელებენ.

დაძაბულ ბრძოლაში წარმართული პირველი ტაიმის ბოლოს ლოკო თორნიკე კირკიტაძემ დააწინაურა დავით სამურკასოვის გადაცემით და სტუმრები შესვენებაზე კარგ ხასიათზე გავიდნენ. გოლამდე ჭიაბრიშვილს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია-ნიკა სანდოხაძის მაგივრად მინდორზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილი გამოჩნდა.

58-ე წუთზე ქუთათურთა უზბეკმა უკანახაზელმა მუროდჟონ ტუიჩიბაევმა წონასწორობა აღადგინა,რასაც მალევე(69 წუთი) მასპინძელთა სასარგებლოდ დანიშნული პენალტი მოჰყვა-დმიტრი რეკიში საჯარიმოში სწორედ შეცვლაზე შესულმა ანდრონიკაშვილმა დასცა,თერთმეტმეტრიანის სარეალიზაციოდ ნიშნულთან მისულ ალჟირელ ფადი ზიდანს კი მიზანმა უმტყუნა და ბურთი გიორგი მამარდაშვილის კარს გვერდიდან ასცდა. სხვათაშორის გორის დილასთან ნულოვანი ფრის მატჩის მსგავსად მამარდაშვილის კარში პენალტი არც ამ ჯერზე გავიდა.
გაცუდებულმა პენალტმა მიხეილ აშვეთიას გუნდი აშკარად ფსიქოლოგიურად გატეხა და ეპიზოდიდან 2 წუთში თეიმურაზ შონიამ ირაკლი სიხარულიძის საგოლე პასით ლოკო კვლავ წინ გაიყვანა,კიდევ 48 წამის შემდეგ კი ასევე ცვლილებიდან ჩართულმა ბექა დარცმელიამ(დავით სამურკასოვის მაგიერ)შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად აშვეთიამ ტრადიციისამებრ შეცვლებს მიმართა,მოედანზე ალაიდინ სალაკუ,თამაზ შერვაშიძე და სამუელ ინკუმი გამოჩნდნენ,მაგრამ სტუმრებმა დარჩენილ დროში თამაში გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანეს.

ლოკომოტივი შემდეგ ტურში თბილისურ დერბის გამართავს დინამოსთან 16 აპრილს,ქუთაისელები კი მეზობელ წყალტუბოს ესტუმრებიან მეორე დღეს.